ევროპარლამენტში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური სხდომა და დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„მიხეილ სააკაშვილის საქმე იმდენად მოიცავს ყველაფერს, რომ მას თვალს ვერ ავარიდებთ. ის აჩვენებს ყველა იმ პრობლემასა და რეფორმას, რაზედაც აქამდე ვისაუბრეთ: სასამართლო სისტემისადმი უნდობლობას, პოლარიზაციას, დეზინფორმაციას. არ არსებობს არავითარი დიდი კონსპირაცია, მაგალითად ის, რომ რამეს გვიხდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ან გადაგვიბირა მიხეილ სააკაშვილმა, ასეთი რამ მსმენია.
ჩვენ გვაღელვებს, რადგან ასეც უნდა იყოს. ესაა ღრმად პოლიტიზებული საქმე, ადამიანი ციხეში კვდება. ასე რომ, ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, არ იფიქროს მხოლოდ პოლიტიკურ ქულებზე, რომლებიც შეიძლება ციხეში მისი დატოვებით მიიღონ, არამედ იმ ქულებზეც, რომლებიც შეიძლება ამით დაკარგონ. გაითვალისწინეთ, დღეს ჩვენ გვიწევს ვისაუბროთ პოლიტიკურ პატიმარზე კანდიდატის სტატუსის ნაცვლად“, - განაცხადა მწვანეთა პარტიის დეპუტატმა, მარკეტა გრეგოროვამ.
განცხადებები გააკეთეს პარლამეტნის სხვა წევრებმაც. მათ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ.
„რამდენიმე წლის წინ ვლადიმირ პუტინმა თავად აღწერა როგორ სურდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოპყრობოდა. ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, სააკაშვილსაც ჰქონდა სამშობლოში ცხოვრების უფლება და ის დაბრუნდა… მას იქ სხვა მოქალაქეების მსგავსად არ ექცევიან. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს სააკაშვილი, რათა საზღვარგარეთ მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ის ციხეში კვდება და ეს საქართველოს მომავალზე დიდ გავლენას ახდენს“, - თქვა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ქცევა „სამარცხვინოდ“ შეაფასა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, მირიამ ლექსმანმა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ქცევა ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია. თამაში, ტყუილები და გადავადება უნდა დასრულდეს. ეს სამარცხვინო საქციელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წინააღმდეგობაშია ევროპული მისწრაფების გაცხადებულ მიზანთან და [ჩვენს] პრინციპებთან და ფასეულობებთან". – თქვა ლექსმანმა. მისი თქმით „ხელისუფლებას აკისრია სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე.
საქართველოს მმართველი გუნდის წინააღდეგ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. კალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ „ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს“.
„ხელისუფლება და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება ყოველთვის დაცული იყოს. ამას აკეთებს 2012 წლიდან მოყოლებული. 2012 წლამდე საპატიმროებში რა ხდებოდა, მე ამაზე ახლა ხაზს არ გავუსვამ [...] ჩვენ გვაქვს ფაქტი - ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი], რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში. ამის მიზანი და მთავარი ამოცანა ის არის, რომ თავისი PR კამპანიითა და უცხოელების ჩართულობით, როგორმე, მისი ციხიდან დახსნა მოხდეს, რაც შეუძლებელია. ამ ადამიანმა კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინა და მას პატიმრობა კონკრეტულ საქმეებზე აქვს მისჯილი“, - თქვა კალაძემ.
სააკაშვილის საკითხზე განცხადებები გააკეთეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ავსტრიის კანცლერთან ერთად, გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს ნელნელა კლავს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი დაგმო სააკაშვილის მიმართ „უფლებების უხეში დარღვევა“. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის დაცინვა და გადასცეს ის უკრაინას“, - განაცხადა უწყებამ.
1 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო და განცხადებები ქართულ და უკრაინულ ენაზე გააკეთა. სააკაშვილმა საუბრის შემდეგ, საზოგადოებას მისი ფიზიკური მდგომარეობა აჩვენა.
მასალაში გამოყენებულია ქართული მედია საშუალებების მიერ თარგმნილი კომენტარები.
Facebook Forum