ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

PACE შეშფოთებულია საქართველოში არსებული პოლარიზაციით და მოუწოდებს 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოს ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს იმისათვის, რათა მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ამასთან, ასამბლეა მიესალმება საქართველოს პროგრესს აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, იხელმძღვანელონ რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებებზე საპასუხოდ.

ამის შესახებ საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გასული წლის მონიტორინგისა და მიღწეული პროგრესის ანგარიშის მიხედვით მომზადებულ რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს გარდა, ევროსაბჭოს წევრ 10 ქვეყანას (ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, უნგრეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, პოლონეთი, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა) შეეხება.

„ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას რეკომენდაციების შესრულებისკენ, ასევე მოუწოდებს, უპასუხონ რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას.

[ასამბლეა] კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს რეფორმებსა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობაზე რეფორმებში, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმების საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, რათა წარმართოს მომავალი რეფორმები ქვეყანაში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად. იგი ითვალისწინებს მედიასთან მიმართებაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად. ასამბლეა კვლავ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის, უკანონო ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის გამო. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რათა მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეცეს, რომლისკენაც სამართლიანად ისწრაფვის“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ შეიტანა. იმის მიუხედავად, რომ საქართველო წლების განმავლობაში ასოცირების ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე იყო, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს, საქართველომ კი მიიღო ევროპული პერსპექტივა და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია.

XS
SM
MD
LG