ბუტა რობაქიძის გახმაურებული მკვლელობისა და შემდეგ დანაშაულის დაფარვის საქმე, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულნი, უახლოეს მომავალში გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია მთავარმა პროკურორმა გაავრცელა.
19 წლის მოზარდის მკვლელობა, ერთ-ერთი იმ გაუხსნელ საქმეთაგანი იყო, რომელიც ბოლო რვა წლის მანძილზე „დამოკლეს მახვილივით“ ეკიდა წინა ხელისუფლების თავზე. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ამბობს:
„რობაქიძის საქმე არის დასრულების სტადიაზე. მე როგორც მაცნობეს საგამოძიებო ნაწილიდან, ისინი უკვე მზად არიან უახლოეს დროში ეს საქმე სრული მოცულობით გახსნილად გამოაცხადონ.
დაასახელონ ყველა თანამდებობის პირი, ვინც მონაწილეობდა მასში, როგორც მტკიცებულებების გაყალბების, ისე დანაშაულის დაფარვის თვალსაზრისით.“
ეს მძიმე დანაშაული ვარდების რევოლუციიდან ერთი წლის თავზე, 2004 წლის 24 ნოემბერს მოხდა. თბილისში, დიდუბეში, პატრულმა ავტომანქანა გააჩერა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის ბუტა რობაქიძეც იჯდა.
პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ახალგაზრდები მანქანიდან გადავიდნენ, პატრულის თანამშრომელმა ბაშალეიშვილმა კი ორი ტყვია გაისროლა და ბუტა რობაქიძე ადგილზე მოკლა.
მეორე დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა „პატრულმა“, რომელსაც შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე ხელმძღვანელობდა, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ კარგად შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფის დევნის ოპერაცია განახორციელა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში ერთ-ერთი დამნაშავე მოკლა. ამ ვერსიის გასამყარებლად გადაცემაში აჩვენეს ავტომატები და ხელყუმბარები, მათ შორის რობაქიძის გვამთან.
დღეს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა ახლადშექმნილი „პატრულის იმიჯის“ გადასარჩენად, შემთხვევის ადგილზე იარაღი მიიტანეს და მტკიცებულებები გააყალბეს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ დანაშაულში მონაწილეობდა გურამ დონაძეც, რომელსაც ხელს რამდენიმე ადამიანი ადებს. მათ შორის, ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე. 2004 წელს იგი მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა.
„პოლიციელებმა შემთხვევის ადგილას ე.წ ლიმონკები დაალაგეს, ორი ცალი მასრა დადეს, ასევე ავტომატი იდო იქ და ამ ყველაფრის დაფიქსირება უნდოდათ კადრზე. ანუ შემთხვევის ადგილზე გამომძიებელი აფიქსირებდა ნივთმტკიცებებს.“
იგივეს ყვებიან მთავარი მოწმეები, ბუტა რობაქიძის მეგობრები, რომლებიც იმ საბედისწერო ღამეს დააკავეს. ირაკლი მიქაბერიძე იხსენებს:
„ბუტას გვამთან დადეს ავტომატი. მერე ვიდეოკამერის წინ დააფიქსირეს როგორ ამომიღეს „ლიმონკა“, რომელიც მანამდე თავად ჩამიდეს. პირადად დონაძე კურირებდა ამას. გააჩერა ტაქსი და ეუბნებოდა - დაადე ხელი რო თქვენ დაესწარით ჩხრეკას და ვიღებთ ლიმონკას.“
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გურამ დონაძის გარდა, მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში ასევე მონაწილეობდა პოლიციის მინიმუმ ექვსი მაღალჩინოსანი. მათ შორის საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი ზურაბ მიქაძე. პროკურატურამ იგი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააკავა, თუმცა, სასამართლომ 16 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლა.
გასულ კვირას ასევე დააკავეს თურქეთიდან დაბრუნებული გურამ დონაძე, რომელიც არჩევნებამდე ტელეკომპანია „რეალ ტვ“-ს ხელმძღვანელობდა. დონაძე ბრალდებებს უარყოფს. თავის დროზე, იგი საერთოდ ამბობდა, რომ რობაქიძის მკვლელობის დროს საქართველოში არც კი იმყოფებოდა. სასამართლომ მას 25 ათასიანი გირაო შეუფარდა.
იგივე განმეორდა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების: ირაკლი ფირცხალავას, ალექსანდრე გვაზავასა და დავით იაშვილის მიმართაც. ეს ეჭვმიტანილები მოსამართლემ 15 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გურამ დონაძე ზეწოლას ახდენს მოწმეებზე, მათ შორის გადაცემა „პატრულის“ ყოფილ თანამშრომელ გოჩა მუკბანიანზე. ეს ადამიანიც ხელს დონაძეს ადებს და აცხადებს, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, ცრუ ჩვენების მიცემა დონაძემ აიძულა. ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ამბობს:
„დონაძე არის საშიში საზოგადოებისთვის. ის არის კრიმინალი და ზეწოლას ახორციელებს სხვა მოწმეებზე, რომლებიც საკმაოდ ჰყავს შეშინებული. მე ვითხოვ სახელმწიფოსგან ამ მოწმეების სიცოცხლის და მათი ოჯახების უსაფრთხოების დაცვას.“
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, საზოგადოებრივი მღელვარების შემდეგ, მხოლოდ პატრულის თანამშრომელი გრიგოლ ბაშალეიშვილი გაასამართლეს. მას 2006 წელს, რობაქიძის გაუფრთხილებელი მკვლელობისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და უკვე თავისუფალია.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე თავად ბაშალეიშვილმაც აღიარა, რომ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს იარაღი არ ჰქონიათ, სასამართლომ ეს მხედველობაში არ მიიღო. მეტიც, 2012 წლის დეკემბრამდე ამ საქმეზე ბრალდებულებად ბუტა რობაქიძის მეგობრები ითვლებოდნენ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე 7 წლის მანძილზე არც კი განუხილავს.
დღეის მდგომარეობით, ბუტა რობაქიძის საქმეზე უკვე დაიკითხა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი; იძებნება კრიმინალური პოლიციის მაშინდელი უფროსი ზაზა ბაქრაძე; ხოლო, თბილისის მაშინდელი პროკურორი, დღეს კი საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი დაკითხვაზე არ ცხადდება.