ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო ამნისტია" გირგვლიანის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს


სანდრო გირგვლიანი
სანდრო გირგვლიანი

სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ევროსასამართლოს განჩინების შემდეგ, საქართველოში არ წყდება დისკუსია უნდა იქნეს თუ არა, ეს სკანდალური საქმე ხელახლა გამოძიებული.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საბოლოო განჩინებაში გაიზიარა ხელისუფლების არგუმენტები და აღნიშნა, რომ მართალია სანდრო გირგვლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იქნა მოკლული, მაგრამ დამნაშავეები, დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდნენ, როგორც "კერძო პირები და არა როგორც სამინისტროს ოფიცრები".

თუმცა, სასამართლომ ყველა დონეზე განხორციელებული საგამოძიებო პროცესი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას "აშკარად აკლდა“ ობიექტურობა. ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ "ის გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

მმართველი ელიტის წარმომადგენლებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ ხელახალი გამოძიების დაწყებას არ აპირებენ, იმ მიზეზით, რომ ამას ევროსასამართლო არ ითხოვს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა, რომელიც ამ საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს იცავდა, კერძოდ თქვა:

„ძალიან ნაადრევია ზუსტად ვთქვათ რას გადაწყვეტს სახელმწიფო, ჩვენ ამისთვის სამი თვე გვაქვს, თუმცა პირველად შთაბეჭდილებით, ნამდვილად, უეჭველად შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებაში დრამატული არაფერი არ არის.

არანაირი დამატებითი გამოძიების მოთხოვნა, როგორც გითხარით არ არსებობს. გადაწყვეტილებაში საქართველოს დაეკისრა ფინანსური კომპესაციის გადახდა სწორედ იმიტომ,რომ ევროსასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიებაში ადგილი ჰქონდა ხარვეზებს.“

ნიშანდობლივია, რომ ევროკონვენციის მე-2 მუხლის არსებითი დარღვევის საკითხზე – არის თუ არა საქართველოს სახელმწიფო პასუხისმგებელი გირგვლიანის მკვლელობაზე ევროპის სასამართლოს შვიდი მოსამართლის აზრი გაიყო.

სამმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ გირგვლიანის მკვლელობა სახელმწიფოს არ შეერაცხება; ხოლო, სამმა მათგანმა აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა, საქართველოდან დროებით მივლინებული მოსამართლე ირაკლი ადეიშვილის ხმა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი დაიცვა.

სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ არ წარუდგინა რამდენიმე მთავარი მტკიცებულება და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 38–ე მუხლი დაარღვია.

კერძოდ, სრულად არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი ერთსაათიანი ვიდეოჩანაწერი, რათა დადგენილიყო ოქროყანისკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანების გადაადგილება.

ევროსასამართლომ განაცხადა, რომ მტკიცებულების სრულად წარდგენა აუცილებელი იყო, რადგანაც მას შეეძლო ან გაემყარებინა, ან პირიქით, გაებათილებინა მოსარჩელეთა ბრალდება, რომ დანაშაულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ ასევე არ გამოძია თუ ვის ეკუთვნოდა ტელეფონის ნომერი 877 79 89 60. ამ ნომერზე გირგვლიანის მკვლელობის დროს და მკვლელობის შემდეგ, დანაშაულში ჩართულმა ოთხმა პირმა რამდენჯერმე დარეკა, როგორც ოქროყანიდან, სადაც დანაშაული მოხდა, ისე შარდენ ბარიდან, სადაც ინციდენტი დაიწყო. ამერიკის იურისტთა ასოციაციის ტრენერი, ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე ამერიკის ხმასთან ამბობს:

„აი, ამ შეფასებების ნაწილში, რომელიც ძალიან ფართოა, ევროსასამართლო არაერთგზის სარგებლობს ისეთი ფრაზებით, როგორიც არის „სასამართლო გაოგნებულია“, „სასამართლო ძლიერ წუხს“, გაოგნებულია და ძლიერ წუხს იმით, რომ საქართველოს სამართალდამცავმა და მართლმსაჯულების ორგანოებმა თვალი დახუჭეს ძალიან მნიშვნელოვან გარემოებაზე, თავი არ შეიწუხეს ამ მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენისათვის.

ეს ძალიან მკაცრი შეფასებებია, ეს არის ულმობელი შეფასებები. ამას მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ჩვენი სახელმწიფო და საერთოდ, ყველა ვინც ვართ იურისტები, იმიტომ, რომ ასე ყოველთვის არ ხდება. ცივილიზირებული ქვეყნების მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებებში ევროსასამართლო ძალიან იშვითად სარგებლობს ასეთი ფრაზეოლოგიით.“

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩაეტარებინა შესაბამისი გამოძიება, რომელიც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ ”სრული სიმართლის გამოაშკარავებას შეძლებდა და, რომელსაც ყველა პასუხისმგებელი პირის ადეკვატური დასჯა მოყვებოდა,“ სასამართლომ მოსარჩელის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა;

მხარეებს უფლება აქვთ აღნიშნული განაჩენი სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მომდევნო სამი თვის განმავლობაში გაასაჩივრონ. ადვოკატი დავით ჯანდიერი, რომელიც სტრასბურგში გირგვლინების ოჯახის ინტერესებს იცავდა ამერიკის ხმასთან ამბობს:

„ეს არ არის ყველა ვალდებულება, რომლითაც ამოიწურება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კონკრეტული საქმის გამო. კონვენციის მიხედვით, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, განაჩენი გადაეცემა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ხელმძღვანელობს მის აღსრულებაზე.

მოცემულ შემთხვევაში არსებობს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის #2 რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი ჰქონდა კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევას უნდა მოხდეს საქმის ხელახალი გამოძიება.

მე მოვუწოდებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კარგად გაეცნოს გადაწყვეტილებას „ღონღაძე უკრაინის წინააღმდეგ“. იმ გადაწყვეტილებაშიც, ისევე როგორც გირგვლიანის საქმეზე დადგენილი იქნა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და დარღვევა კონვენციის მეორე მუხლის, რომელიც ითვალისწინებს სიცოცხლის უფლების პატივისცემას.

ღონღაძის საქმეზე ასევე არ ყოფილა მითითებული, იმის შესახებ, რომ უკრაინის სახელმწიფო იყო ვალდებული ხელახლა მოეხდინა საქმის წარმოება, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქმე მინისტრთა კომიტეტს გადაეცა, კომიტეტმა განსაზღვრა და დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინაში ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიება მიმდინარეობს.“

გავლენიანმა საერთაშორისო უფლებაცვითმა ორგანიზაციამ საერთაშორისო ამინისტიამ (Amnesty International) საქართველოს ხელისუფლებას უკვე მოუწოდა ბოლოს და ბოლოს ზედმიწევნით და მიუკერძოებლად გამოიძიოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

"ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს დროულ შეხსენებას საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ მათი ვალდებულებაა ბოლო მოუღოს საჯარო მოხელეების დაუსჯელობას. საერთაშორისო ამინისტიამ რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველომ ვერ შეძლო სამართალდამცავების სამართალში მიცემა,“ – განაცხადა საერთაშორისო ამინისტიის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ ჯონ დალჰუისენმა.

XS
SM
MD
LG