საქართველოს პრემიერ მინისტრის გარდაცვალებიდან მერვე წლისთავზე ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ გამოძიება ბოლოს და ბოლოს დააადგენს, თუ რა გახდა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის მოულოდნელი დაღუპვის მიზეზი?!
ოფიციალური ვერსიით, 2005 წლის 3 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს ქუჩის 53 ნომერში მდებარე კერძო ბინაში, რომელიც მოქალაქე ეკა კიკიანს ეკუთნის, პრემიერი ზურაბ ჟვანია ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს რაულ იუსუფოვს შეხვდა.
ეს ბინა პრემიერ-მინისტრის პირად დაცვას კონსპირაციული შეხვედრებისთვის ჰქონდა ნაქირავები. გამთენიისას პრემიერის დაცვის წევრებმა ბინაში ჟვანიას და იუსუფოვის ცხედრები აღმოაჩინეს.
უკვე დილით შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სიკვდილის მიზეზად - ბინაში არასწორად დამონტაჟებული ირანული გამათბობელი და გაზით მოწამვლა დაასახელა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ ბოლო რვა წლის მანძილზე გამოძიების დასრულება და საქმის დახურვა ვერ შეძლო.
ჟვანიას ოჯახის წევრები ოფიციალურ ვერსიას თავიდანვე არ ეთანხმებოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს უბედური შემთხვევა კი არა მკვლელობა იყო.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ, გარდაცვლილი პრემიერის ძმა პარლამენტის წევრი გახდა. დღეს იგი უაპელაციოდ ამბობს, რომ "პრემიერი სხვაგან მოკლეს" და შემდეგ მისი ცხედარი საბურთალოს ქუჩაზე მიიტანეს. გოგლა ჟვანია ძმის სიკვდილში წინა მთავრობის წევრებსა და თავად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს:
„გიორგი ბარამიძეს უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. თვითონ ბარამიძე მონაწილეობდა იმ ინსცენირებაში, რომელიც მოაწყო ხელისუფლებამ. მოაწყვეს გარკვეული სცენა.
ბინაში მიიტანეს საკვები, ბორჯომი, კონიაკი და უბედური შემთხვევის სცენა დადგეს. ამას პირადად მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა და ბარამიძე ამაში მონაწილეობდა. ბუნებრივია, მას მოუწევს პროკურატურასთან ამ თემაზე საუბარი.“
ჯერჯერობით, უცნობია დაიკითხნენ თუ არა ხელახლა ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე და დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია. გოგლა ჟვანია ამბობს, რომ უკვე გარდაცვლილ პრემიერს კობა ხარშილაძემ ორი პირადი სეიფის გასაღები ამოაცალა და შემდეგ დოკუმენტები და პირადი ნივთები წაიღო.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ „ჟვანიას საქმეზე“ დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი დაკითხა. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ხაზს უსვამს, რომ გამოძიება ჩიხში არ შესულა, თუმცა ამბობს, რომ შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია
„ჯერჯერობით, მსგავსი ეტაპი არ დამდგარა. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ჩატარდა. ჯერჯერობით, პროგნოზი იგივეა რაც ადრე ვთქვი. შემიძლია გავიმეორო - საქმის გამოძიებას ვაგრძელებთ და ვეცდებით რომ ეს საქმე იქნას გახსნილი.“
მთავრობის ყოფილი წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას ყოფილი მეგობრები ამბობენ, რომ ახალი მთავრობა „ჟვანიას საქმით“ სპეკულირებს.
„ზურაბ ჟვანია არ მოუკლავთ“ - ასეთი განცხადება გააკეთა ციხიდან ახლახანს გირაოთი განთავისუფლებულმა ირაკლი ოქრუაშვილმაც. ჟვანიას სიკვდილის მომენტში ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეჭირა.
„სამართალდამცავის სტრუქტურის ერთ-ერთ წარმომადგენელთან მქონდა მე უკვე ამ თემაზე საუბარი. ბუნებრივია, ალბათ მეც მომიწევს ამ საქმეზე ჩვენების მიცემა. მე ვთვლი რომ ეს მკვლელობა არ იყო.“
„ჟვანის საქმის“ ხელახალ გამოძიებას სკეპტიკურად უყურებს საქართველოს პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არ იცის რას იძიებს პროკურატურა.
„რაც უნდათ ის გამოიძიონ. ზურაბ ჟვანია იყო ჩემი ახლო მეგობარი. არ ვიცი, უფრო ახლო მეგობარი ვინ ჰყავდა ზურაბ ჟვანიას, ან მე თუ მყავდა უფრო ახლო მეგობარი. მისი სიკვდილი იყო ჩემთვის მძიმე დანაკარგი. თუ ვინმეს უნდოდა ამ უბედური შემთხვევის ყველა დეტალის ბოლომდე გარკვევა, ეს ვიყავი მე.
გავარკვიეთ კიდევაც! მე ვიყავი პირადად კონტაქტში აშშ-ს ადმინისტრაციასთან. მე ჩამოვაყვანინე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სპეციალური ჯგუფი იმიტომ, რომ მაშინ არ გვქონდა ჩვენ შესაბამისი აპარატურა. მათ ყველაფერი გამოიძიეს და ყველაფერი დადეს. ასე რომ, საერთოდ რაზე ლაპარაკობენ ეხლა მე არ მესმის.“
ზურაბ ჟვანია პოლიტიკაში 1985 წელს ჩაება და მომდევნო 20 წლის მანძილზე უდიდესი როლი ითამაშა ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და დემოკრატიის განმტკიცების ისტორიულ პროცესში.
მწვანეთა პარტიის ლიდერი 1993 წელს, ჯერ პრეზიდენტ შევარდნაძის პარტიის - მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი, 1995 წელს კი უკვე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ხდება.
2001 წლის შემოდგომაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო, ჟვანია შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს კახა თარგამაძესა და პრეზიდენტ შევარდნაძეს უპირისპირდება და თანამდებობას ტოვებს.
2003 წელს კი უკვე „გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერის რანგში, მიხეილ სააკაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან ერთად, „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედი ხდება. 2004 წლის 17 თებერვალიდან ჟვანია პრემიერ-მინისტრის რანგში აგრძელებს პოლიტიკურ კარიერას, თუმცა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში იღუპება.
გუშინ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაარცელა განცხადება, სადაც წერია: „8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობას თავისი პრემიერ-მინისტრის ტრაგიკული და ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ გამოუცხადეს. ხალხი დღემდე ელოდება პასუხს და ჩვენ ვალდებულნი ვართ პასუხი გავცეთ. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა რეალურად."