შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში თქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.
„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
ამერიკის დიპლომატიური უწყების თქმით, „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ 19 იანვარს გააკეთა. მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერთი თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა და თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“ შეაქო იმისთვის, რომ ის დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთზე დაწესებულ სანქციებს.
ლავროვის თქმით, „ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნით ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“.
რუსეთთან ფრენების აღდგენის შესაძლობელობას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ ის ამ ინიციატივას არ მიესალმება.
„არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია“, - თქვა პრეზიდენტმა.