ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო სივრცის დროებით აკრძალული ზონები განსაზღვრეს


სოხუმის პორტი, აფხაზეთი, საქართველო. 25 დეკემბერი, 2013 წ.
სოხუმის პორტი, აფხაზეთი, საქართველო. 25 დეკემბერი, 2013 წ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა დადგენილება მიიღო „საჰაერო სივრცის დროებით აკრძალული ზონების განსაზღვრის შესახებ“. გადაწყვეტილება „სამხედრო და ტერიტორიული საფრთხისგან დაცვის მიზნითაა“ მიღებული. დოკუმენტს დე ფაქტო მთავრობის მეთაურმა ალექსანდ ანქვაბმა მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა ავრცელებს.

საჰაერო სივრცის აკრძალული ზონელი წესდება:

„ადმინისტრაციული კომპლექსების შენობების, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანოებისა და ობიექტების, აფხაზეთში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის რუსული), სამხედრო ობიექტებისა და თავდაცვის დანიშნულების ნაგებობების, სახელმწიფოს მატერიალური ფასეულობების მარაგებისა და სამობილიზაციო რეზერვების განთავსების ობიექტების თავზე“.

მაგალითად აკძალული ზონა წესდება „რუსეთის საელჩოს“, „რუსეთის ელჩის რეზიდენციის“, „სახელმწიფო აგარაკების „ახალი ათონის“ „მიუსერის“ „ლდზაას“ თავზე.

დადგენილებით, ამ ადგილებში იკრძალება საჰაერო სივრცის გამოყენება, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. გამონაკლისებს შორისაა ფრენები სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ან „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ოპერატიული ამოცანების“ შესასრულებლად.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ აკრძალა დრონების ფრენა სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზეც.

დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით 2024 წლისთვის სოხუმის აეროპორტის აღდგენას გეგმავს.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ პროექტის ინვესტორია რუსული სამრეწველო ჯგუფი "საბაზისო ელემენტი". ის რუსი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას მიერ კონტროლირებული კომპანიების შემადგენლობაშია.

ოლეგ დერიპასკა 2018 წლიდან აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია. მისი სახელი აშშ-ის ოფიციალური უწყებების დოკუმენტებშია მოხსენიებული, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის კონტექსტში, თუმცა უცნობია, წაყენებული აქვს თუ არა მას აშშ-ში ოფიციალურად ბრალი.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდგება. ICAO-მ 2006 წლიდან აეროპორტის კოდი გააუქმა და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG