ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. „ჯეიმსთაუნის ფონდის“ პრეზიდენტი, გლენ ჰოვარდი თვლის, რომ ლუკაშენკომ ეს ნაბიჯი პუტინის მოთხოვნით გადადგა და სანაცვლოდ ის რუსეთისგან ეკონომიკურ დახმარებას მიიღებს.
ლუკაშენკოს გამოყენება და პუტინის მხრიდან დადგმული პიარსვლაა და მეტი არაფერი.
„ლუკაშენკო პუტინისგან მეტ ეკონომიკურ შეღავათს ეძებს და საჭიროა გავიგოთ ის, თუ რა მიიღო მან ამის სანაცვლოდ. ბელარუსი ასევე დათანხმდა 20,000 რუსი წვევამდელის ქვეყნის შიგნით გაწვრთნას, ვინაიდან რუსეთში საწვრთნელი პოლიგონების ლიმიტი აქვთ. უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ლუკაშენკო [პუტინის] მოკავშირეა, ის სიფრთხილეს ცდილობს და ომში არ ერთვება. „ჩვენ აგრესორები არ ვართ, მაგრამ არც მოღალატეები არ ვართ“,- ამ ფრაზას ის ხშირად იმეორებს. ეს ვიზიტი სწორედ ამ იდეოლოგიაში ჯდება“, ამბობს „ამერიკის ხმასთან" წერილობით კომენტარში ჰოვარდი.
ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, რომ პუტინის დავალებით მოხდა, ამაში ეჭვი არც ედგარს რინკევიჩს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ეპარება. მეტიც, „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ის ამბობს, რომ დიდი ხანია, რაც ლატვიისთვის რუსეთი და ბელარუსი ერთ ქვეყნად განიხილება: „ჩვენთვის უკვე რამდენიმე თვე, უფრო მეტიც, წლებია, რაც რუსეთი და ბელარუსი ერთი ქვეყანა, ერთი სამხედრო უბანია. ბელარუსის ტერიტორია უკრაინის საწინააღმდეგოდ, ან სარაკეტო თავდასხმებისთვის გამოიყენება. ასევე იგეგმება საიდან შეიძლება, რომ უკრაინა დაბომბონ, ასე რომ არ მიკვირს, რომ ბატონი ლუკაშენო ახლა აფხაზეთს, საქართველოს ნაწილს, ეწინააღმდეგება და საკმაოდ საინტერესო განცხადებებს აკეთებს“,- ამბობს მინისტრი.
ლუკაშენკოს ოფიციალურ საიტზე პრესრელიზი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ 28 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. პრესრელიზში წერია, რომ ლუკაშენკო „შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე“ იმყოფებოდა.
„ასევე შეხვედრა შედგა აფხაზურ მიწაზე. ბელარუსის სახელმწიფო მეთაურმა ასლან ბჟანიასთან ეკონომიკური პროექტები განიხილა, ბელარუსისა და აფხაზეთის თანამშრომლობის პერსპექტიული საკითხები“, - ნათქვამია განცხადებაში.
რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში და არის თუ არა ეს რეგიონში რაიმე ცვლილებების მომასწავებელი რეგიონში, ამაზე ექსპერტებს მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეუძლიათ. თუმცა, გლენ ჰოვარდი, რომელიც რეგიონს კარგად იცნობს, ამბობს, რომ ეს პუტინის მხრიდან დაგეგმილი პიარსვლა იყო: „ლუკაშენკოს გამოყენება და პუტინის მხრიდან დადგმული პიარსვლაა და მეტი არაფერი. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს შეახსენონ ვინაა უფრო სამხრეთ კავკასიაში. ლუკაშენკო კი კრემლის პროპაგანდის იარაღად იქცა. სტრატეგიულად ეს არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ საქართველოში ბრაზი და შიში გამოიწვიონ“.
უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ლუკაშენკო [პუტინის] მოკავშირეა, ის სიფრთხილეს ცდილობს და ომში არ ერთვება.
ლუკაშენკოს ვიზიტზე განცხადებები ამერიკელმა მაღლჩინოსნებმაც გააკეთეს. რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ „ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. მართალია გასაოცარი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“.
ბელარუსის ლიდერს ვიზიტი არც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მოუწონეს. საქართველოსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია. ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა 28 სექტემბერს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას.
პრაისის განცხადებით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო, თავისი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ქართულ მედიასთან გააკეთა და თქვა: „მე არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს, რომ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მერე მის ქვეყანას ან ძვირი დაუჯდება, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების. იმედს ვიტოვებ, რომ ასე არ მოხდება".
ჩვენთვის უკვე რამდენიმე თვე, უფრო მეტიც, წლებია, რაც რუსეთი და ბელარუსი ერთი ქვეყანა, ერთი სამხედრო უბანია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე კი ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: „ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს".
ლუკაშენკოს ვიზიტზე კომენტარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც გააკეთეს. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ამბობს, რომ "არ აღელვებს ვიზიტზე მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, რეაქცია“.
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს, წინასწარ უცნობი, არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა და შეხვდა ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას. მანამდე ლუკაშენკო სოჭში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.