კრემლში ურკაინის 4 ტერიტორიის ანექსიას ზეიმობენ, ვაშინგტონი კი მოსკოვის გადაწყვეტილებას გმობს. ცოტა ხნის წინ თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინული ტერიტორიების ანექსიას, ბაიდენის ადმინისტრაცია სიყალბედ აფასებს.
თეთრ სახლში ამბობენ, რომ რუსეთის ეს ქმედება „საერთაშორისო კანონებს და გაეროს წესდებას არღვევს და გამოხატავს ზიზღს მშვიდობიანი ერების მიმართ“.
ბაიდენის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა, უჭერს და დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„არ შეგეშალოთ, ამ ნაბიჯს არ აქვს ლეგიტიმაცია“ წერია განცხადებაში.
ცნობილი ხდება, რომ ამერიკა და პარტიორი სახელმწიფოები რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს.
„რუსეთის სიყალბის საპასუხოდ, შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დღეს ახალ სანქციებს აცხადებენ. ეს სანქციები დაეკისრებათ იმ ინდივიდებსა და სუბიექტებს, როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ უკრაინის ტერიტორიების სტატუსის შეცვლის უკანონო მცდელობებს,“- წერია განცხადებაში.
სანქციები დაუწესდათ: რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ ელვირა ნაბიულინას, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ოჯახის წევრებს, რუსეთის ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკს, პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის ოჯახის წევრებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით სანქციები მოიცავს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 109 წევრს და ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს 169 წევრს.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აქვე ამბობს, რომ ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება, გაგრძელდება სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებაც. აქვე, პრეზიდენტი ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის კონგრესი დაამტკიცებს დამატებით 12 მილიარდ დოლარს უკრაინის მხარდასაჭერად.
ბაიდენის ადმინისტრაცია საერთასორისო თანამეგობრობას მიმართავს და მოუწოდებს უარი თქვან, „რუსეთის ანექსიის უკანონო მცდელობაზე და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდზე“
Facebook Forum