ოკუპაციის ხაზთან ცხოვრება გულისხმობს უარის თქმას ცხოვრების ნორმალურ წესზე და განსაკუთრებულ პირობებსა და მდგომარეობასთან ადაპტირებას მოითხოვს. ასეთ ყოველდღიურობას ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები თითქოს, მიჩვეულები არიან. დღიდან დღემდე და წლიდან წლამდე ისინი ხედავენ, რომ რუსები არსად მიდიან. უფრო პირიქით, ბორდერიზაციის საშუალებით სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იტაცებენ.
ასე აღმოჩნდა კიდევ უფრო მეტი მიწა შეღობილი ხურვალეთში. ამის თაობაზე უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის აფიშირებისგან თავს იკავებს. მხოლოდ ზოგადი განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში უკანასკნელი შეხვედრისას, ხურვალეთში ბორდერიზაციის შემთხვევა გააპროტესტა ქართულმა მხარემ.
„ამერიკის ხმისთვის“ ცნობილი ინფორმაციის თანახმად, დამატებითი მიწის ნაკვეთია გაღობილი ვანიშვნილების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ნაწილი მანამედეც შეღობილი იყო, თუმცა უკანასკნელი შემთხვევის დროს, ოკუპაცია კიდევ უფრო მეტად გადმოვიდა ქართველების მიერ გაკონტროლებულ ფართზე.
სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა, საქართველოში ისედაც რთულია. თუმცა, ამ ფონზე ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ქალების მდგომარეობა ბევრად მძიმეა. ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდიაც აღნიშნავს. რამდენიმე დღის წინ მან მოინახულა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ადამიანები, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით და დაკვირვებები გაგვიზიარა.
ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა განსხვავდება, პირველ რიგში, უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე. ხშირია, როდესაც ადგილობრივებს წყლის პრობლემა აქვთ, რადგან წყალსადენი მილები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი. რთულია ბავშვების აღზრდა იქ, სადაც მუდმივად დაძაბულობა იგრძნობა, ისმის სროლის ხმები, ეგრეთ წოდებული წვრთნების გამო და სტუმრის მიღებაც კი პრობლემაა, რადგან ამის თაობაზე წინასწარ უნდა აცნობო უსაფრთხოების სამსახურს. ამას ემატება გატაცებების საფრთხე რუსი მესაზღვრეების მხრიდან. შეიძლება, იმის გამო, რომ მსხვილფეხა პირუტყვს „გზა აერია“, ოჯახი საქონლის გარეშე დარჩეს, რომლის მომკითხავი და უკან დამბრუნებელი არავინაა. გადაულახავი გამოწვევაა დღემდე გზის საფარის მოწესრიგება, გარე განათების მოწყობა და ავტობუსების რეგულალური მოძრაობა ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში.
პრობლემებია მიწის რეგისტრაციის კუთხითაც, ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ. ხშირად, საჯარო რეესტრი უარს ეუბნება მოქალაქეებს კუთვნილი, მამა-პაპეული მიწის ფართის აღრიცხვაზე, რადგან „გადამოწმება ვერ ხერხდება“, ანდა იმ მიზეზის გამო, რომ „ამზომველებს ეშინიათ ამ ტერიტორიაზე გადაადგილება“. პრობლემას წარმოადგენს ბანკიდან სესხის აღებაც, რადგან რისკი მაღალია და კომერციულ სარგებელზე ორიენტირებული დაწესებულებები ან შეუსაბამოდ მაღალ პროცენტს უწესებენ ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს, ან სესხის გაცემაზე საერთოდ უარს ეუბნებიან.
„ამერიკის ხმა“ ცდილობდა შერიგებისა და ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან პასუხების მოპოვებას 2022 წლის მიწურულისთვის მთელ იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რაც წლის განმავლობაში აქტუალობას არ კარგავდა, რაზეც უარი მივიღეთ. მინისტრთან ინტერვიუ არც ერთხელ არ შედგა, მთელი წლის გამავლობაში, არაერთი მცდელობის მიუხედავად. პრესსამსახურის განმარტებით, ყველა საკითხს მინისტრი უკვე შეეხო პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ცხოვრების პირობები არც ერთ მხარეს არაა სახარბიელო. ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს, გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები ქალებისთვისაც იგივენაირად არსებობს, ზოგჯერ უფრო რთულადაც არიან. გაუკაცრიელებულია აქაურობა,“- გვეუბნება ლია ჩლაჩიძე. მას 2008 წლის ომის შემდეგ, ცხოვრების ხელახლა აწყობა მოუხდა. დამწვარი სახლი აღადგინა, ბავშვების დასახმარებლად საზაფხულო ბანაკიც მოაწყო და ოკუპაციის მუზეუმიც გააკეთა სწორედ იმ დამწვარი სახლის სარდაფში. წლების განმავლობაში ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან ცხოვრების გამო, მას ბევრი სირთულის გამოვლა მოუხდა, თუმცა ყოველ ნაბიჯს მაინც იმის სასარგებლოდ დგამს, რომ რაც შეიძლება მეტი მოსახლე დაბრუნდეს ერგნეთში. ეს კი ძალიან რთული საქმეა, რადგან ცხოვრებისთვის მოსახერხებელი პირობები ადგილზე არაა.
„წლების წინ, გარეთ რომ გახვიდოდი წინასაახალწლო დღეებში, სულ მზადება იყო ყველგან, ფუსფუსი, ხალხმრავლობა, სტუმრიანობა, ჰაერში გემრიელი სუნი ტრიალებდა. ახლა, ვერ აგიწერთ, ისეთი უკაცრიელობაა ირგვლივ. ვინც შემორჩა ერგნეთში, ოჯახები, ცდილობენ მოკრძალებულად შეხვდნენ დღესასწაულებს. იმდენი მაინც შეძლონ, რომ ოჯახის საჭიროებებს გაწვდნენ. შარშან ორ, ცარიელ სახლში შევძელი შობას სანთლის დანთება. წელს, ჩემი სახლის ირგვლივ 11 ცარიელი სახლია. არ ვიცი, როგორ მოვასწრო და როგორ შევძლო ყველგან შესვლა, რომ ყველა ფანჯრიდან გამოჩნდეს ანთებული სანთელი,“- გვიზიარებს თავის საწუხარს ქალბატონი ლია და დასძენს, რომ ეს მხოლოდ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას არ უნდა ადარდებდეს და რომ ხელისუფლება უფრო მეტს უნდა აკეთებდეს იმ ადამიანების მძიმე ყოველდღიურობის მოსაგვარებლად, ვინც აქ ცხოვრობს, ვიდრე ახლა. „თითქოს მარტო ჩვენი საქმეა აქ გაძლება, არადა ყველას საქმეა ეს. ქვეყანამ უნდა იცოდეს, აქ რაც ხდება. ხელისუფლება უფრო მეტს უნდა აკეთებდეს. ახლა აქ, ამ დღეებში, ამ საათებში სულ აჟიოტაჟი უნდა იყოს, არადა, ჩამკვდარია ყველაფერი,“- ამბობს ლია ჩლაჩიძე.
„შევხვდი ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ქალებს. ორი ძირითადი პრობლემა იკვეთება. ერთია უსაფრთხოების საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ზომების მიღებაა აუცილებელი. ითხოვენ სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას ოკუპაციის ხაზთან. ეს საჭიროა ერთის მხრივ იმის გამო, რომ თავი უფრო დაცულად იგრძნონ, მეორე მხრივ კი შეიქმნას ვიდეო მტკიცებულებები იმისა, რომ რუსი სამხედროები ეგრეთ წოდებულ ოკუპაციის ხაზს კვეთენ, საქართველოს მოქალაქეების დაკავების მიზნით,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.
ნაბაკევსა და ხურჩას ენგურის ერთი შენაკადი ჰყოფს. მათ შორის მავთულხლართია გაბმული. ადგილობრივები, რომელთაც ამ შენაკადის გასწვრივ სახლები აქვთ, ითხოვენ გარე განათების დამონტაჟებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობა, ელემენტარულად, ხედავდეს, თუ გადმოკვეთა რუსმა სამხედრომ ოკუპაციის ხაზი და დადის საქართველოს კონტროლირებულ ტეროტორიაზე.
ასევე, აქ საჭიროა გზის კეთილმოწყობა და ავტობუსის დანიშვნაც, რის შესახებაც ადგილობრივები არაერთგზის მიმართავენ ხელისუფლებას. „შარშან, სამი ჩვენ მოქალაქეს გამოეკიდნენ რუსი მესაზღვრეები და ჩვენ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ხურჩაში დააკავეს. ეს ადგილობრივებმა დაინახეს, თუმცა რაკი არ არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რთულია ამის მტკიცება,“- გეუბნება თეონა აქუბარდია.
ნაბაკევში ცხოვრობდა ნონა ბუკია. ახლა ის დევნილია და ენგურის შენაკადის გადმოღმა, ხურჩაში ცხოვრობს. აქ, წლების განმავლობაში, ეგრეთ წოდებული „გამშვები პუნქტი“ ფუნქციონირებდა, რომელიც მას შემდეგ დაიკეტა, რაც გიგა ოთხოზორია მოკლეს. ამ შემზარავი ინციდენტიდან მოყოლებული, გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის კიდევ უფრო გართულდა ცხოვრება. „ადრე ქართველებს მოსდევდნენ რუსები და ჩვენ ტერიტორიაზეც კი აკავებდნენ. შარშან ცოლ-ქმარი მოდიოდა, პატარა ბავშვით, აქამდე სდიეს, ძაღლებით, დაიჭირეს და გააბრუნეს ისევ უკან, არადა, დახმარება უნდოდათ აეღოთ ზუგიდში,“- გვეუბნება ნონა ბუკია და იმას გვიხსნის, რატომაა ახლა მდგომარეობა შედარებით რბილი. მისი დაკვირვებით, „ომი რომაა უკრაინაში, რუსებს ჩვენთვის აღარ სცალიათ. თუმცა საბუთების აღება ძალიან გართულდა. 9 ნომერ ფორმას რომ ეძახიან, ეგ სჭირდებათ, ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოსაკვეთად, მაგრამ მაგას აფხაზეთის პარლამენტის მიერ დამტკიცება უნდა, ამიტომ რთულია.“
ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთანაც კი, მნიშვნელობა აქვს სად ცხოვრობ, რამდენად ახლოს ოკუპირებულ ნაწილთან. ამის მიხედვით ცხოვრების სირთულის რანჟირებაც კი არის შესაძლებელი. ნონა ბუკია გვეუბნება, რომ თვითონ, რაკი ეგრეთ წოდებულ ადგმინისტრაციულ საზღვარს 60 მეტრი აშორებს, შეადრებით უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე მათ, ვინც უფრო ახლოს ცხოვრობს ოკუპაციის ხაზთან. „ქალებთან მაქვს ურთიერთობა, რადგან ფონდ "სოხუმში" ვმუშაობ. მოსახლეობა არის გაუსაძლის მდგომარეობაში. აქ რომ იცხოვრო, სოფელში, საქონელი ხომ უნდა გყავდეს, მაგრამ თუ ის გადავა ოკუპაციის ხაზს იქით, ვეღარ ეღირსები. აქ შამგონაცაა სოფელი და ისიც საშინელ დღეშია. საშიში არის ფსიქოლოგიურადაც, აქ ყოფნა, რადგან ღამის საათებში რომელი მთვრალი რუსი შემოგივარდება, ღმერთმა იცის,“- გვეუბნება ნონა ბუკია.
„ქალები იმ სოციუმის დარაჯები არიან, სადაც ცხოვრობენ. ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ქალებს რომ შეხედოთ, სახეზე აწერიათ ყველაფერი. მათ გარეგნობაზეა ასახული საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების სიმძიმე. არასდროს არ აქვთ დრო მოუარონ საკუთარ თავს, თმას, სახეს, ამიტომ უფრო ასაკიანად გამოიურებიან, ვიდრე ეს არის რეალურად. აქ მუდმივი პრობლემაა ნორმალური კვების, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. სტრესის გამო უამრავი ადამიანი იღუპება. ომში მხოლოდ ტყვიით კი არ კვდება არამიანი,“- გვეუბნება ლია ჩლაჩიძე.
ქალთა ეკონომიკური წახალისების პროგრამებით ვერ სარგებლობენ ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებლები. მიწის რეგისტრაცია დიდი გამოწვევაა. „მთავრობას მარტივად შეუძლია ამის გაკეთება. 2023 წელს უნდა დაიწყოს ეს პროგრამა ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებისთვის. ნუთუ არ შეიძლება დაჩქარდეს? სულ 42 ათასი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ოკუპაციის ხაზთან ცხოვრობს. ნუთუ ასე რთულია ამ 42 ათასი მოქალაქის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, რომ მათ შეძლონ ადგილზე დამაგრება და იქ ცხოვრების გაგრძელება?“,- ამბობს თეონა აქუბარდია.
ნონა ბუკია წუხს, რომ ახლა აღარ მუშაობს პროექტები, რომლებიც აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე იყო ორიენტირებული.
„გადმოგვყავდა ქალები აფხაზეთიდან, დავათვალიერებინებდით ბათუმს, ფოთს, ქუთაისს, იყიდიდნენ აქ რაღაცებს, ჩემთანაც რჩებოდნენ სახლში, გავუშვებდით შემდეგ უკან. ახლა, ამ მთავრობის ხელში, ეს ყველაფერი გაჩერდა. მთავრობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არ აკეთებს,“- ამბობს ნონა ბუკია.
27 დეკემბერს, წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზები და ოსები საქართველოსთან ურთიერთობის შანსს ხელიდან უშვებენ.
„აფხაზეთი, შეიძლება, გახდეს მეორე მონაკო. ეს არაა გადაჭარბებული შეფასება“,- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენაზე. მისივე თქმით, სახელმწიფო ღიად არ საუბრობს იმ უამრავ კეთილ საქმეზე, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებს. მან მადლობა გადაუხადა მინისტრ ახვლედიანს საქმიანობისთვის.
„აფხაზეთის ბიუჯეტი 200 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულადაა დოტაციაზე. ჩვენი აფხაზებისთვის ესაა გაშვებული შესაძლებლობები. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელისადში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება. ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე, ჩვენ გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე. აფხაზეთი, შეიძლება, გახდეს მეორე მონაკო. ეს არაა გადაჭარბებული შეფასება. აფხაზეთს აქვს ამის პოტენციალი და სოხუმი მეორე მონტე-კარლო. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი. ჩვენ გვინდა, ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები, რომ იტყვიან მოვიშუშოთ. ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი გზით ამ საშინელი ტრაგედიის დასრულება და შერიგება იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ერთიან ძლიერ, ევროპულ საქართველოში,“- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
„ნეტავი იმ საქართველოში მაცხოვრა, სადაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ კარგი ცხოვრებაა,“- გვეუბნება ნონა ბუკია, დევნილი აფხაზეთიდან და გვეკითხება, თუ კარგი ცხოვრებაა, რატომ გარბის ხალხი აქედან? „თვითონ ჩვენი ხალხი არაა დასაქმებული და აფხაზებს რას ვთავაზობთ? აქედან რამდენი დაიხრჩო წყალში, გადაპარვა რომ უნდოდა იქით. რით ეხმარება, როგორ ეხმარება სახელმწიფო ამ ხალხს? ნეტავი იყოს მასე. ძალიან წარმატებულები ვართო, ასე ამბობდა [პრემიერი]. მე არამგონია, წარმატება იყოს საქართველოში. ჩვენთან არაა, ყოველ შემთხვევაში და სხვაგან თუა, არ ვიცი,“- ამბობს ნონა ბუკია.
წინასაახალწლოდ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სიჩუმეა. მხიარულებასა და ზეიმს, კონცერტებსა და გირლანდებს აქ ვერ ნახავთ. თუმცა მორთული ნაძვის ხე, ღია სივრცეში, 2008 წლის ომის დროს დამწვარი სახლის ეზოში, ოკუპაციის ხაზიდან ასიოდე მეტრში, ერგნეთში მაინც დგას. ეს ადგილობრივი მცხოვრების კერძო ინიციატივაა. ლია ჩლაჩიძე გვეუბნება - „ჩემს თავს მე თვითონ ვამაგრებ. ეს ნაძვის ხეც სახლში, შიგნით, აღარ დაგვდი, გავიტანე და ეზოში მოვრთე. იყოს აქ, ჩანდეს, რომ აქ არის პატრონი.“