"უკრაინა გამოცდის და გამოიყენებს ყველა სახის იარაღს, რომელიც არ არის აკრძალული, რათა გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ჩათვლით", - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ოლექსი დანილოვმა.
„ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ჩვენ გამოვცდით და გამოვიყენებთ ყველანაირ იარაღს, რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო სამართლით და რომელიც დაგვეხმარება გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები“, - დაწერა ტვიტერზე ოლექსი დანილოვმა.
კიევი ამბობს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 49 რუსული იერიში მოიგერია. ინტენსიური ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
"კიევი ამ დრომდე აკონტროლებს ქალაქის დასავლეთ ტერიტორიას, რომელიც გასული დღის განმავლობაში ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის სამიზნე იყო“, - ამბობს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. ბახმუტთან ერთად, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კვლავ რჩება მარინკა, სადაც ასევე ინტენსიური შეტაკებებია.
კიევს დასავლელი პარტნიორები დიდი რაოდენობით სამხედრო დახმარებას აწვდიან, მათ შორის, თანამედროვე საბრძოლო ჯავშანტექნიკას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის მიღებული გადაწყვეტილება საბრძოლო თვითმფრინავებისა და გრძელი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემების მიწოდების შესახებ. კიევი საკუთარ იარაღსაც აწარმოებს, მათ შორის, დრონებსა და "ნეპტუნის" ტიპის რაკეტებს. მისი თქმით, სოწრედ ეს იყო გამოყენებული გასულ წელს რუსული გემის შავ ზღვაში ჩასაძირად.