ოთხშაბათს, ნატოს დაზვერვის უფროსმა ქვეყნები გააფრთხილა, რომ შესაძლოა უკრაინის მხარდაჭერის გამო, რუსეთმა დასავლეთის სახელმწიფოების დასჯა წყალქვეშა კაბელებზე დივერსიის მოწყობით სცადოს. „ჩრდილოეთის ნაკადზე“თავდასხმის შემდეგ ალიანსი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვას აძლიერებს.
„არსებობს ძლიერი შეშფოთება, რომ დასავლური ცხოვრების ასარევად, რუსეთმა შესაძლოა მიზანში წყალქვეშა კაბელები და სხვა ინფრასტრუქტურა ამოიღოს, რათა მოიპოვოს ბერკეტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას უსაფრთხოების კუთხით ეხმარებიან,“ - უთხრა დევიდ ქეთლერმა ჟურნალისტებს.
2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ზე ჯერ კიდევ გაურკვეველი აფეთქება მოხდა, წყალქვეშა კაბელების და მილსადენების მიმართ საფრთხეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
დასავლეთის ქვეყნები ჩრდილოეთის ზღვას მწვანე ენერგიის წყაროდ მიჩნევენ და ქარის ახალი გენერატორების განლაგებასაც გეგმავენ, რომლებიც ხმელეთს კაბელებით უნდა დაუკავშირდეს. ასევე, სხვა წყალქვეშა კაბელები მსოფლიოს ინტერნეტ სიგნალების 95 პროცენტს ატარებს და ნატოს თანახმად, ამ 400 კაბელიდან 200 კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„მთლიანად, დღეში 10 ტრილიონი დოლარის მოცულობის ფინანსურ ოპერაციებს გადასცემენ, ასე რომ, ეს კაბელები ნამდვილად, ეკონომიკის სასიცოცხლო ძარღვია", - თქვა დევიდ ქეთლერმა.
ნატოს წევრი მოკავშირეები ყურადღებით აკვირდებიან რუსულ ხომალდებს, რომლებიც სენსორებითაა აღჭურვილი და ზღვის ფსკერიდან ელექტრონული და აკუსტიკური ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ.