Nordic News Organization- ის კონსორციუმის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ აფეთქებამდე დღეებით ადრე რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდები არერთხელ იმყოფებოდა „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებთან, დანიისა და შვედეთის სიახლოვეს.
სკანდინავიური საინფორმაციო ორგანიზაციის კონსორციუმის მიერ, 3 მაისს გავრცელებული ინფორმაცია ამ დრომდე ბურუსით მოსილი აფეთქების შესახებ დამატებით კითხვებსაც აჩენს. მომხდარს ბალტიის ზღვის მინიმუმ სამი ქვეყანა იძიებს და ამ ხნის განმავლობაში, მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიაც წარმოიქმნა.
ბალტიის ზღვის ფსკერზე, რუსულ მილსადენებზე აფეთქება 26 სექტემბერს მოხდა. მილსადენები რუსული გაზის პირდაპირ გერმანიისთვის მისაწოდებლად იყო განკუთვნილი და მიუხედავად იმისა, რომ მილსადენები იმ დროისთვის არ ფუნქციონირებდა, აფეთქების შედეგად, მასში დარჩენილი გაზი ზედაპირზე ამოვიდა.
ეჭვი თავდაპირველად რუსეთზე იყო. შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა აფეთქებებს დივერსია უწოდეს. ევროპული ქვეყნების ლიდერებმა კი მოგვიანებით განაცხადეს, რომ ინციდენტის დახვეწილობა, მიუთითებს სახელმწიფო აპარატის ბრალეულობაზე, რომელსაც წვდომა აქვს კომპლექსურ მყვინთავ აღჭურვილობასა და დეტონატორებზე.
მოსკოვმა, ინციდენტში ჩათულობაში, ბრიტანეთი და დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა.
ახალ მოხსენებაში, რომელიც 3 მაისს ერთობლივად გამოქვეყნდა ფინური Yle-ს, ნორვეგიული NRK-ის, დანიური DR-სა და შვედური SVT-ის მიერ, ნათქვამია, რომ რუსეთის საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდი, აფეთქების სიახლოვეს ხუთი დღით ადრე, წყალქვეშა აღჭურვილობით ნახეს.
ამ გემებს შორის იყო რუსული საზღვაო კვლევითი ხომალდი "სიბირიაკოვი", ასევე მისაბმელიანი ნავი და მესამე რუსული საზღვაო ხომალდი. მისაბმელიანი ნავი, სახელწოდებით SB-123, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე 21 სექტემბერს ჩავიდა, აფეთქებამდე ხუთი დღით ადრე და იქ დარჩა მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში, სანამ რუსეთისკენ გაემგზავრებოდა.
ეს ხომალდი ადრე იდენტიფიცირებული იყო გერმანული საინფორმაციო ვებ გვერდის, T-Online-ის მიერ, როგორც აფეთქებებში ეჭვმიტანილი ექვსი გემიდან ერთ-ერთი.
სკანდინავიური მაუწყებლების მოხსენებაში ნათქვამია, რომ გემებმა გამორთეს გადამცემები - GPS-ის მსგავსი მოწყობილობები, რომლებსაც ბევრი გემი მთელ მსოფლიოში იყენებს მათი მდებარეობის გადასაცემად.
თუმცა, ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ისინი თვალყურს ადევნებდნენ გემების მოძრაობას რადიოკომუნიკაციებისა და სატელიტური გამოსახულების გამოყენებით.
იმავდროულად, გასულ კვირას დანიურმა გაზეთმა Information-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანიელმა სამხედროებმა ოთხი დღით ადრე სხვა სპეციალიზებული რუსული საზღვაო ხომალდის 26 ფოტოსურათი გადაიღეს, რომელიც აფეთქების ადგილთან ახლოს ცურავდა. ეს გემი იყო იდენტიფიცირებული, როგორც წყალქვეშა სამაშველო გემი SS-750, რომელსაც მინი წყალქვეშა ნავის გადაზიდვაც შეუძლია.