ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: შესაძლოა სუდანიდან 800 ათასი ადამიანი გაიქცეს


ორშაბათს გაერომ გამოთქვა გაფრთხილება, რომ შესაძლოა სუდანში მიმდინარე კონფლიქტმა, სადაც სავარაუდო ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, მეტოქე სამხედრო დაჯგუფებებს შორის ბრძოლები არ წყდება, 800 ათასი ადამიანის ქვეყნიდან გაქცევა გამოიწვიოს.

სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ძალებს შორის 16 დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების დროს, ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

კვირას ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 72 საათით გაგრძელებას დათანხმდა. გაერომ სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ მოწინააღმდეგე მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუდის არაბეთში მოილაპარაკებენ, თუმცა ორშაბათს საჰაერო დარტყმები და საარტილერიო ცეცხლი გრძელდებოდა და ხართუმისა და მეზობელი ქალაქების თავზე კვამლი იდგა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა, რომ ქვეყნიდან 815 ათასი ადამიანის გასასვლელად ემზადება. მათ შორისაა 580 ათასი სუდანელი და ასევე უცხოელი ლტოლვილები, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში ცხოვრობენ. სუდანის მოსახლეობა 46 მილიონს შეადგენს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 528 ადამიანი დაიღუპა და 4599 დაიჭრა. გაერომ დაღუპულთა რიცხვის მსგავსი მონაცემები გამოაქვეყნა, თუმცა მიაჩნია რომ ნამდვილი რიცხვი ბევრად მეტია.

XS
SM
MD
LG