ექიმთა გაერთიანება აცხადებს, რომ ორშაბათის მონაცემებით, სუდანში მომხდარი სამხედრო შეტაკებების მსხვერპლი 97-ს აღწევს, დაშავებულია 365 სამოქალაქო პირი. ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ დაშავებულთა რაოდენობა 600-ს აღწევს.
შაბათს შეტაკებები დაიწყო ქვეყნის გარდამავალი მმართველი ორგანოს - სუვერენული საბჭოს ლიდერის - გენერალ აბდელ ფატაჰ ალ-ბაჰრანის მომხრეებსა და გასამხედროებული ჯგუფი სწრაფი ხმარდაჭერის ძალების წარმომადგენლებს შორის. ეს დაჯგუფება გენერალ მუჰამედ ჰამდან დაგალოს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს უჭერენ მხარს.
გაერომ კვირა საღამოს 3 საათით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დროს სროლაც გრძელდებოდა და სწრაფი მხარდაჭერის ძალების პოზიციების დაბომბვაც.
კვირას დილით, საბრძოლო მოქმედებების ხმა ხართუმის ცენტრშიც ისმოდა, სუდანის შეიარაღებული ძალების სამეთაურო ნაგებობისა და პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ სტრატეგიულ ობიექტებს ისინი აკონტროლებენ.
სუდანის "გამჭვირვალობისა და პოლიტიკის მკვლევარის" ანტიკორუფციული კამპანიის დირექტორი სალიმან ბალდო ამბობს, რომ ვითარება ისე გამოიყურება, რომ თითოეული მხარე "ბოლომდე იბრძოლებს". ბალდომ "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ ნაკლებ სავარაუდოა მოლაპარაკებების ან შუამავლობის მცდელობამ შედეგი გამოიღოს, რადგან ორივე გენერალი ერთმანეთს კრიმინალად მოიხსენიებს და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
ამერიკისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარეებს ძალადობის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, ოპოზიციურ პარტიებს კი მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდეს. ეს განცხადებები "დიდი შვიდეულის" შეხვედრების პარალელურად გაკეთდა. შეტაკებები დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტიონიო გუტერეშმაც. სუდანში არეულობას გაეროს "მსოფლიო სურსათის პროგრამის" სამი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პროგრამის ფუნქციონირება ამის შემდეგ ქვეყანაში დროებით შეჩერდა.
სუდანელ ჟურნალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა აბდულმუნიემ აბუ იდრისმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ შაბათ დილის შემდეგ ქვეყნიდან გამოსვლას ვერ ახერხებს 12 ჟურნალისტი, მათ შორის 4 ქალი. ჟურნალისტების ჯგუფი მხარეებს უსაფრთხო დერეფნის შექმნისკენ მოუწოდებს, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო პირები და ჟურნალისტები ტერიტორიების დატოვებას შეძლებენ.