ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NDI: საზოგადოების 82% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა


"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი"(NDI) საქართველოში საზოგადოების განწყობების შესახებ 2023 წლის მარტში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხვის თანახმად, საზოგადოების 82% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა უმრავლესობა კვლავაც ფიქრობს, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

სტაბილურად მაღალია ნატოს წევრობის მხარდაჭერაც, 73%-თვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი - საქართველო გახდეს ნატოს წევრი.

38% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს; 18% ფიქრობს, რომ მთავრობა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად არაფერს აკეთებს. 28%-ს კი მიაჩნია, რომ მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი ყველაზე მაღალი თბილისის მოსახლეობასა და ახალგაზრდა ასაკობრივ კატეგორიაშია. პარტიული სიმპათიების მიხედვით, მნიშვნელოვანი განსხვავებები არ ჩანს.

უმრავლესობას რუსეთთან ახლო ურთიერთობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ურჩევნია. 69% ფიქრობს, რომ, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით.

კითხვაზე, რომელ ქვეყანასთან ან გაერთიანებასთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა, პირველ ადგილზე ევროკავშირია, მასთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობის მომხრეა საზოგადოების 54%. 32% შეერთებულ შტატებს ასახელებს, თურქეთს - 14%, რუსეთს კი - 12%, ნატოსთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის მომხრეა 10% .

ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირის ქონას ემხრობა საზოგადოების 52%, 31%-იანი მხარდაჭერა აქვს აშშ-სთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირს.

უმრავლესობას რუსეთთან ახლო ურთიერთობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ურჩევნია. 69% ფიქრობს, რომ, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით და მხოლოდ 7% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ თუ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ახალგაზრდები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას.

NDI-ის ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

XS
SM
MD
LG