ბელარუს ჟურნალისტს, რომელიც ორი წლის წინ მინსკში "რაინეარის" იძულებით დაშვებულ თვითმფრინავში დააპატიმრეს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში სდებენ ბრალს.
27 წლის პროტასევიჩი სასამართლომ დამნაშავედ ცნო მასობრივი არეულობის ორგანიზებაში, ტერორიზმთან დაკავშირებული ქმედებების წაქეზებასა და პრეზიდენტ ლუკაშენკოსადმი ცილისმწამებლურ განცხადებებში. ამის თაობაზე სახელმწიფო მედია სააგენტო "ბელტა" წერს.
პროტასევიჩი მედია გამოცემა "ნექსტასთვის" მუშაობდა. გამოცემა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს აქტიურად აშუქებდა. ოპოზიცია, მოსახლეობის ნაწილი და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები ამ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
"ნექსტას" დამფუძნებელი სტსიაპან პუტსილა და ყოფილი რედაქტორი იან რუდიკი ასევე გაასამართლეს. მათ სასამართლომ დაუსწრებლად 20 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხელისუფლებამ გასულ წელს "ნექსტა" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
პროტასევიჩის დაკავებამ 2021 წლის მაისში საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია და ევროკავშირის სანქციების ერთ-ერთი მიზეზიც გახდა. ის საბერძნეთიდან ლიეტუვისკენ მიმავალი თვითმფრინავით მგზავრობდა, როცა ბელარუსის საჰაერო კონტროლის სამსახურებმა თვითმფრინავს მინსკში დაშვება მოსთხოვეს, ყალბ ცნობაზე დაფუძნებით, თითქოსდა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. ის მის მაშინელ პარტნიორთან, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგასთან ერთად დააპატიმრეს, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ახლა რუსეთში, მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყვანას ელოდება.
ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანუსკაიამ განაცხადა, რომ ეს სასამართლო პროცესსი მთლიანად ყალბი იყო და რომ რეჟიმის მიერ ამ ვერდიქტების გამოცხადება მაშინ, როცა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს, ნიშნავს, რომ პროტასევიჩი "რეჟიმის მძევალია".
დაკავების შემდეგ, სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც პროტასევიჩი ანტი-სამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობასა და პრეზიდენტის დამხობის მცდელობაში თანამონაწილეობას აღიარებს. ციხანუსკაია და სხვა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ეს იძულებითი აღიარების ჩვეული ტაქტიკაა.