ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვრებთან ჩავიდა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვრებთან ჩავიდა და საზღვრის მცველებს თავდადებისთვის და სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტის მიერ საზღვრების მონახულების ამსახველი ვიდეო მის "ტელეგრამ" არხზე გავრცელდა. ის ამ ვიდეოში უკრაინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ვოლინის რეგიონში მავთულხლართებიანი ღობის გვერდითაა გადაღებული. რეგიონში, სადაც უკრაინის, პოლონეთისა და ბელარუსის საერთო საზღვარია, პრეზიდენტს აჩვენეს სასაზღვრო ნაგებობები და ის დრონები, რომლებსაც მესაზღვრეები იყენებენ.

"პირველ ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ძვირფასო საზღვრისმცველებო, ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის. ჩემთვის პატივია თქვენთან შეხვედრა, მადლობა უკრაინის საზღვრის და არა მარტო საზღვრის დაცვისთვის. თქვენი საქმიანობა არის გმირული, ხართ ძლიერი ადამიანები და მადლობა ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის, საზვრის დაცვისთვის, ბახმუტის დაცვისთვის. ვიცი, რა მტკიცედ იდექით იქაც. მადლობა ამისთვის", - უთხრა პრეზიდენტმა მესაზღვრეებს.

აღმოსავლეთ უკრაინის პატარა ქალაქი ბახმუტი ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მწვავე შეტაკებების ადგილია.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ საზღვრების დაცვის მნიშვნელობაზე იანვარშიც ისაუბრა და მაშინ თქვა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს ბელარუსთან საზღვრის გასამაგრებლად. თუმცა კიევი ამტკიცებს, რომ ბელარუსის მხრიდან განცხადებების გარდა, სერიოზული საფრთხის შესახებ დადასტურებული ცნობები ჯერჯერობით არ არსებობს.

ზელენსკიმ ერთ-ერთ ონლაინ განცხადებაში ოთხშაბათსვე თქვა, რომ მან ვოლინის რეგიონში პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებთან ერთად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და სხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიც განიხილა.

ზელენსკი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის არაერთ რეგიონს ეწვია. ის სამშაბათს ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს, ქალაქ ავდიივკაში ჩავიდა, რომლის შესახებაც სამხედრო ლიდერები ამბობენ, რომ ის შეიძლება მალე "მეორე ბახმუტი" გახდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG