ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევმა უკრაინელ სპორტსმენებს რუსებთან შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა


უკრაინის მთავრობამ სპორტსმენებს რუსებთან და ბელარუსებთან შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამისი ბრძანება "ტელეგრამის" არხზე უმაღლესი რადის დეპუტატმა, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჟან ბელენიუკმა გამოაქვეყნა.

ოფიციალურ ტექსტში ნათქვამია, რომ უკრაინის სპორტულ ფედერაციებს ჩამოერთმევათ ეროვნულის სტატუსი, თუკი ისინი თავიანთ სპორტსმენებს საშუალებას მისცემენ, მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებებში, რომლებშიც რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები მონაწილეობენ. სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ასეთი შეჯიბრებებიდან თავისი დელეგაციები უკან უნდა გაიწვიოს.

სავარაუდოა, რომ საუბარია უკრაინის ეროვნული ნაკრებზე და არა უკრაინის დროშის ქვეშ მონაწილე ცალკეულ სპორტსმენებზე, მაგრამ ეს უფრო დეტალურად არ არის განმარტებული. რუსეთის და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს ოლიმპიურ შეჯიბრებებამდე არცერთი სახით არ აქვთ სხვა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება.

მარტში, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრმა ოლეგ ნემჩინოვმა განაცხადა, რომ აკრძალვა შეეხება ყველა უკრაინელ სპორტსმენს. "ჩვენ მივიღეთ საპროტოკოლო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ შესარჩევ კონკურსებში ვმონაწილეობთ, სადაც რუსები არ არიან", - განაცხადა მან ეროვნული ტელე-მარათონის ეთერში.

ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკრიტიკა. აპრილის დასაწყისში მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს "მხოლოდ უკრაინის სპორტულ საზოგადოებას დააზარალებს" და "სერიოზულ კითხვებს წარმოშობს უკრაინული სპორტის ავტონომიურობის შესახებ."

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტრადიციულად კრძალავს სახელმწიფოს პირდაპირ ჩარევას სპორტული ფედერაციების მუშაობაში და მიიჩნევს, რომ სპორტსმენების მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში მთავრობების მიერ არ უნდა განისაზღვრებოდეს. ორგანიზაციამ მხარდაჭერა გამოხატა იმ უკრაინელი სპორტსმენების მიმართ, რომლებსაც შეჯიბრებებზე ასპარეზობის სურვილის გამო შეზღუდვები დაუწესდათ.


რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო ჩამოაშორეს. მარტში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გამოვიდა რეკომენდაციით, რომ მათ შეეძლოთ ნეიტრალურ სტატუსში ასპარეზობა. კომიტეტის ამ გადაწყვეტილებამ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG