ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორ რუს მამაკაცს დუგინის ქალიშვილის მკვლელობის საქმეზე პატიმრობა მიუსაჯეს


რუსეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ ტულას სასამართლომ ორ მამაკაცს სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი ბრალდებულები არიან აგვისტოში მომხდარი მანქანის აფეთქების საქმეში, რომლის დროსაც დარია დუგინა დაიღუპა - კრემლთან დაკავშირებული ულტრამემარჯვენე იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი.

პროლეტარსკის რაიონულმა სასამართლომ ალექსანდრ სუჩკოვი და ანდრეი კუზნეცოვი დამნაშავედ ცნო საბუთების გაყალბებაში იმ მანქანისთვის, რომელსაც უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი იყენებდა და რომელსაც რუსი გამომძიებლები მანქანის აფეთქებაში ადანაშაულებენ. სამართალდამცავების მტკიცებით, მან ამ მანქანითვე, თავდასხმის შემდეგ რუსეთი დატოვა.

სუჩკოვმა და კუზნეცოვმა სასამართლო პროცესზე აღიარეს, რომ ისინი აყალბებდნენ დოკუმენტებს, მაგრამ განაცხადეს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ ვისთვის აკეთებდნენ ამას.

29 წლის დუგინა 2022 წლის 20 აგვისტოს მოსკოვის რეგიონში, გზაზე დაიღუპა, როდესაც მანქანა, რომელსაც ის მართავდა, აფეთქდა. რუსმა გამომძიებლებმა მაშინ განაცხადეს, რომ მანქანას სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამაგრებული.

ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ როცა დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის შემოგარენში ფესტივალს ტოვებდნენ, დუგინმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთმა მთავარმა მომხრემ, ბოლო მომენტში გადაწყვიტა, მანქანა თავის ქალიშვილისთვის დაეთმო. უკრაინის ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ აფეთქებასთან კიევს რაიმე კავშირი აქვს.

აპრილში მოსკოვის სასამართლომ უკრაინის მოქალაქე ბოჰდან ციჰანენკოს დაკავების ორდერი გასცა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ამბობს, რომ დუგინას აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, ციჰანენკო რუსეთში ესტონეთის გავლით ჩავიდა და ნატალია ვოვკს ყალბი დოკუმენტები და ასაფეთქებელი მოწყობილობა გადასცა, რომელიც სავარაუდოდ თავდასხმისთვის იყო გამოყენებული. რუსი გამომძიებლების თქმით, ციჰანენკომ რუსეთი თავდასხმის წინა დღეს დატოვა.

რუსეთში კიდევ ერთ გახმაურებულ აფეთქეებას ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი და რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. ის გასულ თვეში სანქტ-პეტერბურგის კაფეში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლებამ ამ საქმეშიც უკრაინა დაადანაშაულა, მაგრამ კიევი თავდასხმის ორგანიზებასთან კავშირს უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG