ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ვიცით ტატარსკის მკვლელობის შესახებ? 


რუსი სამხედრო ბლოგერი მაქსიმ ფომინი, მეტსახელად, ტატარსკი, 2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში მოკლეს. „სტრიტ-ფუ ბარ #1-ში“ მომხდარი აფეთქების შედეგად ბლოგერი დაიღუპა და 30 ადამიანი დაშავდა.

ვინ იყო ტატარსკი?

მაქსიმ ფომინი რუსი სამხედრო ბლოგერების გავლენიანი ჯგუფის ყველაზე ცნობილი წევრი იყო. მას ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე". ფომინი, რომელსაც საჯაროდ ვლადლენ ტატარსკის სახელით იცნობდნენ, უკრაინაში დაიბადა. ტატარსკი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, აქტიური და ულტრა-ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერი იყო. ფომინმა მისი ფსევდონიმი, ვიქტორ პელევინის მოთხრობიდან, „თაობა პ“, აიღო.

ტატარსკი, უკრაინის დონბასის რეგიონში, ქალაქ მაკიივკაში დაიბადა. ის უკრაინაში 2011 წელს ბანკის ძარცვისთვის იყო დაკავებული და 2014 წელს დონბასში ომის დაწყების დროს ციხიდან გაიქცა. მოგვიანებით ის იქ, რუსულ სამთავრობო მედიაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, რუსეთის მარიონეტ სეპარატისტებს შეუერთდა. მალევე ტატარსკი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და 2021 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ტატარსკი იქ სამხედრო ფორმირებებს კიდევ ერთხელ შეუერთდა. სწორედ უკრაინაში მისი ყოფნის პერიოდში დააგროვა ტატარსკიმ სოციალურ ქსელში 560,000 გამომწერი.

ის ხშირად აშუქებდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომს და აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იმის გამო, რომ მას უფრო მეტი წარმატება არ ჰქონდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. თუმცა ტატარსკი და მისი ჯგუფის წევრები ყოველთვის ერიდებოდნენ ვლადიმირ პუტინის პირდაპირ კრიტიკას.

ტატარსკი ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა პროპაგანდისტულ გადაცემებს რუსეთში. მისი მოწოდებები ხშირად იყო ძალადობის წამხალისებელი. ის რეგულარულად აკეთებდა განცხადებებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ და ითხოვდა უკრაინის სახელმწიფოს განადგურებას. ის ასევე აკრიტიკებდა, რუსეთში მათ ვინც ომს ეწინააღმდეგებიან.

ტატარსკის ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში მისი აფეთქების შემდეგ ვრცელდება, კრელმში გადაღებული კადრებია, მას შემდეგ რაც მოსკოვმა უკრაინის ოთხი რეგიონი ანექირებულად გამოაცხადა. „ყველას ვულოცავ, ყველას ვინც ამ მომენტს ელოდა. ყველას დავამარცხებთ, ყველას მოვკლავთ, ყველას ვინც საჭიროა გავძარცვავთ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა“, - ამბობს ის კრემლში ჩაწერილ ვიდეოში.

ტატარსკი 40 წლის იყო და რუსული ჯარისგან უფრო აგრესიულ ნაბიჯებს ითხოვდა. მაგალითად, როდესაც ვოლოდომირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა, მას შემდეგ რაც რუსებს უკრაინული ქალაქიდან უკან დახევა მოუწია, ტატარსკი სვამდა კითხვას თუ რატომ არ გამოიყენა რუსეთმა თვითმკვლელი დრონები რათა ზელენსკი მოეკლა. ის ფიქრობდა, რომ ეს გაშვებული შანსი იყო.

ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „იდიოტური“ იყო. ცალკულ შემთხვევაში ტატარსკიმ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი გაკრიტიკა. მისი თქმით, რუსეთს ომში უკეთესი შედეგეების მისაღწევად „სისტემის ცვლილება“ სჭირდება. უკანასკნელ პერიოდში ტატარსკი უფრო და უფრო აქტიურად უჭერდა მხარს ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ დაჯგუფებას უკრაინაში.

აფეთქება სანქტ-პეტერბურგში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:19 0:00

რა მოხდა კაფეში?

აფეთქება სანქტ-პეტერბურგში კვირას საღამოს მოხდა, როცა ის ბარში შეკრებილი ჯგუფ „კიბერ ზეტის“, დაახლოებით, 100 წევრს ესაუბრებოდა. ჯგუფის სახელში გამოყენებული „ზეტი“ არის რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის სიმბოლო ომის მხარდამჭერთა შორის. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა სახელად ნასტია, მას ბიუსტი გადასცა საჩუქრად, რომელშიც, სავარაუდო, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

სამართალდამცავები ტატარსკის მკვლელობის შემთხვევას მკვლელობის მუხლით იძიებენ.

აფეთქება სანქტ-პეტერბურგში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:19 0:00

ვინ არის ეჭვმიტანილი?

ქალი, რომელიც ტატარსკის და ადგილზე მყოფ სხვა ადამიანებს ნასტიას სახელით გაეცნო, რუსული მედიის ინფორმაციით, დარია ტრეპოვაა. რუსეთის საგამოძიებო სამსახურებმა თქვეს, რომ 26 წლის ქალი უკვე დაკავებულია. ის რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტსროს გავრცელებულ ვიდეოში ტრეპოვა აღიარებს, რომ მან გადასცა ტატარსკის ფიგურა, რომელიც აფეთქდა. მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენება მას იძულებით მიაცემინეს.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რუსეთის ეროვნულმა ანტი-ტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ტრეპოვა, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის აქტიური მხარდამჭერია და მომხდარი სწორედ ამ უკანასკნელის მხარდაჭერით განხორციელდა, უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით. ხოლო ტრეპოვას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მართალია ის უკრაინაში რუსეთის ომს ეწინააღმდეგებოდა, ის არ იყო, რადიკალურად განწყობილი.

რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი?


შარშან თენერვალში, რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრიდან, ეს რიგით მეორე შეთხვევაა, როდესაც ომის პროპაგანდისტი მოკლეს. პირველი დარია დუგინა იყო, ცნობილი ულტრანაციონალისტის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი. დუგინა აგვისტოში აფეთქების დროს დაიღუპა, როდესაც მოსკოვის გარეუბანში ის მამის კუთვნილი მანქანით გადაადგილდებოდა.

ტატარსკის მკვლელობა შესაძლოა ერთგვარი სიგნალი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ომის პროპაგანდას ეწევიან.

არსებული ინფორმაციით, მას ჰქონდა კავშირი ევგენი პრიგოჟინთან, რომელიც „ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელია. ეს დაქირავებული მებრძოლების ჯგუფია, რომელივ აქტიურად იბრძვის აღმოსავლეთ უკრაინაში, განსაკუთრებით, ქალაქი ბახმუტისთვის. კაფე, რომელშიც ტატარსკი ააფეთქეს, წარსულში, სავარაუდოდ, პრიგოჟინს ეკუთვნოდა.

პრიგოჟინი გამოირჩევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკით, უარყოფითად აფასებს გენერლების მუშაობას და მუდმივად საუბრობს არასაკმარისი გამოცდილების მქონე სამხედროების შესახებ.

ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო თავდასხმის უკან?

საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები ამ დრომდე არ მიუთითებს იმაზე, თუ ვინ შეიძლება იდგეს მომხდარის უკან. თუმცა კრემლმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

„კიევის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმია. ის უნდა განადგურდეს სხვა გზა არ არსებობს მის შესაჩირებლად,“ - თქვა სეპარატისტული დონეცკის რეგიონის ლიდერმა დენის პუშილინმა. ევგენი პრიგოჟინი, პუტინთან დაახლოებული პირი, კი ამბობს რომ ტერაქტის უკან კიევის კვალს ვერ ხედავს.

კიევი ბრალდებას უარყოფს. შეფასებებს რუსეთში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და თქვა, რომ ეს შიდა ტერორიზმის საკითხია.

„ომის კვლევის ინსტიტუტის“ ამბობს, რომ შესაძლოა, ტატარსკის მკვლელობა კრემლის შიდა წრეებში დაპირსიპირებაზე მიუთითებდეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG