ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ 4 აპრილს ფინეთი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ოფიციალურად გახდება.
„ჩვენ აღვმართავთ ფინეთის დროშას პირველად ნატოს შტაბბინაში. ეს იქნება შესანიშნავი დღე ფინეთის უსაფრთხოებისთვის,“ - თქვა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს და დაამატა, რომ ეს პროცესი ასევე ხელს შეუწყობს ნატოს გაძლიერებას.
ფინეთთან ერთად მოსალოდნელი იყო რომ ნატოს წევრი სახელმწიფო გახდებოდა შვედეთი, ორივე სახელმწიფომ წევრობის განაცხადი ერთდროულად წარადგინა, თუმცა ამ დრომდე შვედეთის გაწევრიანების პროცესი დასრულებული არ არის. სტოლტენბერგი ამბობს, რომ ფინეთის ალიანსში გაწევრიანება შვედეთის უსაფრთხოებასაც დაეხმარება.
გაწევრიანების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს თურქეთი. ანკარამ შვედეთან მიმართებაში პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა, კულმინაცია შვედეთში თურქეთის საელჩოსთან ყურანის დაწვა გახდა. თურქეთის მოქმედმა მთავრობამ მაშინ თქვა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერდა. იმისათვის, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს, აუცილებელია ამ პოზიციას ყველა წევრი სახელმწიფო იზიარებდეს.
ნატოში წევრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება ერთი წლის წინ ნატოს მადრიდის სამიტზე იქნა მიღებული. ამის შემდეგ წევრი სახელმწიფოები რატიფიკაციის პროცესს აწარმოებდნენ. ფინეთის შემთხვევაში პროცესი უკვე დასრულდა.
ფინეთმა და შვედეთმა ისტორიული გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მანამდე ორივე ქვეყანა უარს ამბობდა ნატოში წევრობაზე.
ანალიტიკოსებმა ისტორიული გადაწყვეტილება ერთგვარ გამარჯვებად და რუსეთის მარცხად შეაფასეს, რადგან ახლა ნატოს რუსეთთან უფრო დიდი საზღვარი ექნება ვიდრე აქამდე. დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პროგნოზირებდა, რომ ნატო დაიშლებოდა და ევროპული სახელმწიფოები ერთობას ვერ შეინარჩუნებდნენ, საპირისპირო სურათის მომსწრე გახდა.
Facebook Forum