აშშ- ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეშფოთებას გამოთქვამს მოსკოვში, აშშ-ის მოქალაქე, გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალის" ჟურნალისტის დაკავების გამო და აცხადებს, რომ ამერიკის დიპლომატიური უწყება ჟურნალისტის დამსაქმებელ გაზეთთან კომუნიკაციას აგრძელებს.
ბლინკენი დასძენს, რომ ამერიკის მოქალაქის საზღვარგარეთ დაკავებისას სახელმწიფო დეპარტამენტი მისთვის საკონსულო მომსახურების მოპოვებას და ყველა საჭირო დახმარების უზრუნველყოფას ცდილობს. ამერიკის პირველი დიპლომატი ამასთან მკაცრად გმობს რუსეთში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებას, გაჩუმებასა და დასჯას.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათ "უოლ სტრიტ ჯორნალის'' ჟურნალისტი დააკავეს. ევან გერშკოვიჩი ვაშინგტონის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული. ეს რუსეთის მხრიდან, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, პირველი ღია თავდასხმაა უცხოელ ჟურნალისტზე. ეს ცივი ომის შემდეგ, ასევე, პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტი დააკავეს.
მედია გამოცემა აცხადებს, რომ ამერიკის მოქალაქე გერშკოვიჩის დაკავება ყალბი ბრალდების საფუძველზე მოხდა.