ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა


რუსეთმა სომხეთიდან სანიტარული პრობლემების მიზეზით, რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა. ეს იმ ფონზე, როცა მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობა დაძაბულია.

31 მარტის განცხადებაში, რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სააგენტო ამბობს, რომ სომხური რძის კომპანიები იყენებენ ირანულ რძეს და სხვა ნედლეულს, რომლებიც აკრძალულია რუსეთში.

სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციის სპიკერმა "რადიო თავისუფლების" სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ ირანული ნედლეული უსაფრთხოა მოხმარებისთვის. მან თქვა, რომ რუსულმა მხარემ გასულ კვირას შეამოწმა სომხური რძის პროდუქტების რამდენიმე ფერმა და არ აღმოუჩენია „არავითარი პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

სააგენტოს გადაწყვეტილება თან ერთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვას. რამდენიმე დღის შემდეგ, ერევანმა გადადგა ნაბიჯები საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) დამფუძნებელი ხელშეკრულების რატიფიცირებისკენ.

რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები 2020 წლის აზერბაიჯანისა და სომხეთის ომის შემდეგ გაუარესდა. პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაცია რუსეთს მხარდაჭერის ნაკლებობის გამო აკრიტიკებს. სომხეთი არის რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" წევრი - სამხედრო ალიანსის, რომელიც შედგება რამდენიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსგან.

დაძაბულობა ამ კვირაში გაიზარდა მას შემდეგ, რაც სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მწვანე შუქი მისცა ქვეყნის ICC-ში გაწევრიანებას. მოსკოვმა მაშინვე განაცხადა, რომ ჰააგის ტრიბუნალის იურისდიქციის აღიარებას რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე „უკიდურესად ნეგატიური“ გავლენა ექნებოდა.

ICC-მ გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ ორდერი გასცა. სომხეთი თუ გახდება ICC-ს ხელმომწერი, მოსალოდნელი იქნება პუტინის დაკავება, თუ ის ქვეყანაში გაემგზავრება.

რუსეთი წლების განმავლობაში იყენებდა “როსელხოზნაძორს”, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთა ქმედებები მოსკოვს არ მოსწონს. ორმხრივი დაძაბულობის პერიოდში რუსეთმა აკრძალა საკვებისა და სასმელის იმპორტი უკრაინიდან, მოლდოვიდან, საქართველოსა და ბელორუსიიდან. ეს ქვეყნებმა მოსკოვის ქმედებებს ეკონომიკური სანქციებად აფასებდნენ.

რძის აკრძალვა სომხეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს, რადგან რუსეთის წილი ექსპორტის კუთხით მცირეა. მაგრამ ეს მოსკოვის მხრიდან შესაძლოა იყოს გაფრთხილება თუ რა შეიძლება მოჰყვეს ერევანის გადაწყვეტილებას, თუ ის გახდება ICC-ს ხელმომწერი.

სომხეთი რუსეთში ხილის, ბოსტნეულის, სასმელის და ალკოჰოლის მნიშვნელოვან ექსპორტს ახორციელებს და ამ პროდუქტის აკრძალვას ქვეყნის ეკონომიკაზე უფრო დიდი გავლენა ექნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG