ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას პასუხობს


რუსეთი გააძლიერებს საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში. ასეთია მოსკოვის პასუხი ფინეთის ნატოში გაწევრიანების ცნობაზე, რაც ბრიუსელში გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს, 4 აპრილს მოხდება.

მოსკოვის საპასუხო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრ გრუშკოს ეკუთვნის. ის რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი, საინფორმაციო სააგენტო "რია-ნოვოსტიმ" გაავრცელა.

"ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სამხედრო პოტენციალს დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. თუკი ფინეთში ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ძალების და რესურსების განლაგება მოხდება, ჩვენ დამატებით ზომებს მივიღებთ, რათა რუსეთის სამხედრო უსაფრთხოება საიმედოდ იყოს უზრუნველყოფილი" - უთხრა გრუშკომ "რია-ნოვოსტის".

მას შემდეგ, რაც რუსეთმა გასულ წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მანამდე ნეიტრალურმა ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილო-ატლანტიკურ თავდაცვით ალიანსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. ფინეთმა განაცხადა, რომ როგორც რუსეთის მეზობელი, თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს.

გასულ წელსვე ფინეთის განცხადებას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უპასუხა და თქვა, რომ მოსკოვი "ადეკვატურ საპასუხო ზომებს" მიიღებს. შოიგუს განცხადებით, დასავლეთის სამხედრო უბანზე დამატებით 12 ფორმირება და დივიზია შეიქმნება.

ფინეთს რუსეთთან 1 300 კილომეტრის სიგრძის საზღვარი აკავშირებს. სამშაბათს, მისი ნატოში გაწევრიანების სემდეგ, ტრანსატლანტიკური ალიანსის საზღვარი რუსეთთან თითქმის გაორმაგდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG