ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთი უკრაინას "ლეოპარდ 2"-ის ტიპის ტანკებს გადასცემს


ფინეთი უკრაინას 169 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. დახმარების პაკეტში შედის "ლეოპარდ 2"-ის ტიპის ტანკებიც.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტანკები აღჭურვილია განაღმვის შესაძლებლობებით. სამხედრო დახმარების პაკეტი კი უკრაინელი სამხედროების გადამზადებასაც მოიცავს.

ფინეთის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ესპანეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკუთარ მფლობელობაში მქონე 6 "ლეოპარდს" გადასცემს უკრაინას.

გერმანული წარმოების "ლეოპარდის" ტიპის ტანკები უკრაინას დიდი ხანია სურდა და მათი მიღება ქვეყანამ სულ რამდენიმე კვირაა დაიწყო. გერმანია თავიდან გარკვეულ წინააღმდეგობას უწევდა მათ უკრაინისთვის გადაცემას, თუმცა, მოგვიანებით კანცლერ შოლცის მთავრობამ აზრი შეიცვალა და როგორც თავად გადასცა ტანკები უკრაინას, ისე სხვა ქვეყნებსაც ნება დართო, რომ "ლეოპარდები" უკრაინისთვის მიეწოდებინათ.

"ლეოპარდის" ტიპის ტანკები უკრაინას ახლა ძალიან სჭირდება, ვინაიდან გაზაფხულიდან ქვეყანა, რუსეთის ახალ, შესაძლო შეტევით ოპერაციას ელოდება. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ რუსები, სავარაუდოდ, მართლაც ემზადებიან შეტევისთვის, ამჯერად ვუჰლედარის მიმდებარედ, რომელიც დონეცკის რეგიონში მდებარეობს.

XS
SM
MD
LG