“რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში. კიევი დგას, ის არის ძლიერი, ამაყი და თავისუფალი. უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ მომავალშიც ვიდგებით დემოკრატიის სადარაჯოზე”, - ამ სიტყვებით მიმართა ვარშავის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიევსაც ესტუმრა და უკრაინას დახმარება კიდევ ერთხელ აღუთქვა, „მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“. კიევში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტის შემდეგ კი ჯო ბაიდენი ვარშავაში გაემგზავრა. მის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.
ანტიდასავლური და ანტიუკრაინული სამხედრო რიტორიკის პარალელურად, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი აღარ შეასრულებს „ახალი სტარტის“ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა ნაწილს. ეს პრაქტიკულად ბოლო მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელიც ამერიკასა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ მოქმედებდა და ორ უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოს ბირთვული იარაღის ლიმიტებს უწესებდა. ეს ორი ქვეყანა მსოფლიო ბირთვული არსენალის 90%-ს ფლობს, რაც საკმარისია პლანეტის რამდენჯერმე გასანადგურებლად.
არ მგონია, რომ ჩვენ ეს განცხადებები არმაგედონის ნიშნად უნდა მივიღოთ, თითქოსდა ამერიკას არ აქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ მის მოთხოვნებს დათანხმდეს. ბირთვული ომით მაშინ იმუქრები, როცა სხვაგან, ყველგან მარცხდები",- პოლ გობლი.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიქნებით პირველები, მაგრამ თუ ამერიკა ბირთვული იარაღს გამოსცდის, შემდეგ ამას ჩვენც გავაკეთებთ. არავინ უნდა იყოს იმ საშიში ილუზიის ქვეშ, რომ გლობალური სტრატეგიული პარიტეტი შეიძლება დაირღვეს“, - თქვა პუტინმა. მისი თქმით, დასავლური ელიტის წარმომადგენლები „ვერ მალავენ თავიანთ მიზნებს. თუმცა ისინი ასევე ვერ შეძლებენ არ გაიაზრონ, რომ რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია“. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამერიკა გლაბალურ კონფლიქტს აქეზებს. პუტინმა ბუნდოვანი განცხადებაც გააკეთა იმის თაობაზე, თითქოს ვაშინგტონში ბირთვული გამოცდების განახლებაზე ფიქრობენ და სწორედ ამიტომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ბირთვული კორპორაცია რუსული იარაღის გამოსაცდელადაც მზად უნდა იყოს.
“ახალი სტარტის“ შეთანხმებას ხელი პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა 2010 წელს მოაწერეს. ხელშეკრულების მიზანი ბირთვული ქობინების რაოდენობის და განლაგების შეღუდვას ისახავს მიზანად ორივე ქვეყნისთვის. ხელშეკრულებით, მხარეებს არ შეუძლიათ 1 550-ზე მეტი ბირთვული ქობინის ქონა კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებზე - იქნება ეს წყალქვეშა გემებზე, ბომბდამშენებზე თუ სახმელეთო სისტემებზე. ორივე მხარემ ბირთვული ქონინების რაოდენობა დაწესებულ ლიმიტამდე 2018 წლისთვის შეამცირა. თავდაპირველ შეთანხმებას ვადა 2021 წელს ეწურებოდა. თუმცა ჯო ბაიდენის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან მალევე მახარეებმა ის უცვლელად დამატებით 5 წლით - 2026 წლამდე გაახანგრძლივეს. ექსპერტების აზრით, განლაგებული ბირთვული ქობინების რაოდენობა ორივე მხარეს ძალიან სწრაფად შეუძლია 4 000-მდე გაზარდოს. "ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის" ცნობით, რუსეთს, დაახლოებით 5 977 ბირთვული ქობინი აქვს, ამერიკას კი - 5 428.
რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეზღუდვას მხარი მალევე დაუჭირა. თუმცა მაიორ-გენერალი ივგენი ილინი, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რუსეთი განაგრძობს ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და კვლავ შეატყობინებს ამერიკულ მხარეს ამ იარაღის განლაგების თაობაზე ცნობებს.
პუტინის მუქარა, რომ მას მსოფლიოს ბირთვული უსაფრთხოების არქიტექტურის თავდაყირა დაყენება შეუძლია, კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს - ამბობენ ექსპერტები „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
„ეს არ უნდა მივიღოთ არმაგედონის ნიშნად“- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი სპეციალური მრჩეველი, ანალიტიკოსი და ავტორი პოლ გობლი. მკვლევარი მიიჩნევს, პუტინის გამოსვლამ არაფერი აჩვენა გარდა იმისა, თუ რამდენად სუსტია მისი პოზიციები სინამდვილეში და რამდენად არაფერი საიმედო არ აქვს სათქმელი რუსი ხალხისთვის.
„პუტინის გამოსვლამ აჩვენა, რომ მას არაფერი ჰქონდა კარგი სათქმელი. სწორედ ამიტომ განაგრძო დასავლეთის დადანაშაულება იმის მითითებით, თითქოს რუსეთი წარმატებას აღწევს. ეს მაშინ, როცა რუსული ძალები უკუგდებულია და უდიდეს დანაკარგებს განიცდის. მაშინ, როცა უკრაინული ჯარი ბევრად უკეთაა შეიარაღებულ-აღჭურვილი, უკეთესი ლიდერობით, უდიდესი მხარდაჭერით დასავლეთიდან და კარგ პოზიციაში იმისთვის, რომ მეტი ზიანი მიაყენოს რუსეთის ძალებს“, - ამბობს პოლ გობლი და დასძენს, რომ პუტინმა მისთვის ტრადიციული ტაქტიკა და ჩვეული რიტორიკა გამოიყენა: „როცა კარგი სიახლეები არ გაქვს, მაშინ გადადიხარ თავდასხმაზე. პუტინი ყოველთვის ამას აკეთებდა და ახლაც ასე მოიქცა. ეს ძალიან კარგად მეტყველებს იმაზე, რამდენად სუსტია მისი პოზიციები უკრაინაში სინამდვილეში“.
პოლ გობლი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ერთი მხრივ, ჯერ კიდევ ცდილობდა მათთვის მიემართა, ვისაც შეიძლება რეალობის მისეული ვერსიის სჯეროდეს, მაგრამ მეორე მხრივ, მისი უმთავრესი აუდიტორია დასავლეთში იყო. იმ იმედით, რომ ექსპერტულ წრეებში მისი მუქარა ღელვას და დისკუსიების დაწყებას გამოიწვევდა.
„[დასავლეთში] არსებობს ძალიან ბევრი ხალხი, ვინც იმდენადაა ფოკუსირებული იარაღის კონტროლზე, რომ ნებისმიერი მინიშნებაც კი იმაზე, რომ რუსეთი ტოვებს შეთანხმებას, მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მაშინაც კი, თუკი რუსეთი შეთანხმებას დატოვებს, რა მოხდება? მას არ აქვს შესაძლებლობა, გააფართოვოს თავისი არსენალი, ან გაათანამედროვოს ის. ვფიქრობ, ბატონი პუტინი მიიღებს გარკვეულ მხარდაჭერას. ყოველთვის შეიძლება იმედი იქონიოს, რომ ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში კონკრეტული რაოდენობის ადამიანები იტყვიან, დიახ, რაღაც უნდა დავუთმოთ რუსეთს, რომ რუსების დამარცხება არ დავუშვათ“, - ამბობს გობლი. მისი აზრით, ამ შინაარსის განცხადებების, ან ანალიტიკური წერილების გამოჩენა არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იქნებიან ექსპერტები, ვინც მოუწოდებს ადმინისტრაციას, რომ მოსკოვის შეთანხმებაში დაბრუნების სანაცვლოდ, ის გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდეს, მაგრამ ეს პუტინის რუსეთთან მართებული და პროდუქტიული მიდგომა ვერ იქნება:
ესაა გზავნილი დასავლეთისთვის, შეშინების მცდელობა იმისთვის, რომ შეიქმნას განცდა, რომ სტრატეგიული სისტემა იშლება. მაგრამ პუტინი ფრთხილად იქცევა, იყენებს სიტყვა „შეზღუდვას“ და არა „გაუქმებას“. იტოვებს შესაძლებლობას, რომ დაუბრუნდეს მას",- ჯონ ტეფტი
„არ მგონია, რომ ჩვენ ეს განცხადებები არმაგედონის ნიშნად უნდა მივიღოთ, თითქოს ამერიკას არ აქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ მის მოთხოვნებს დათანხმდეს. ბირთვული ომით მაშინ იმუქრები, როცა სხვაგან, ყველგან მარცხდები. ვფიქრობ, სწორედ ამას აკეთებს ბატონი პუტინი. მგონია, რომ ისიც, როგორც ბევრი სხვა ლიდერი რუსეთშიც და სხვაგანაც, იაზრებს, რომ ბირთვულ ომს ვერავინ მოიგებს. მასში ყველა მარცხდება. თუკი პუტინს სურს სუიციდურ ოპერაციაში მონაწილება, ამას ალბათ ვერ შევაჩერებთ, რა დათმობაზეც არ უნდა წავიდეთ, ყოველთვის იქნება კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტი დათმობის მისაღებად", - ამბობს გობლი.
ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, რუსეთში, ლიეტუვასა და უკრაინაში - ჯონ ტეფტი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მის მიერ ფრთხილად შერჩეული სიტყვებია, რადგან ის ამ შეთანხმების არა დატოვებაზე, არამედ მასში მონაწილეობის შეზღუდვაზე საუბრობს, დასავლეთისგან რეაგირების იმედი აქვს და შესაბამისად, უკან დასახევ გზასაც იტოვებს.
„ჩემი აზრით, ესაა გზავნილი დასავლეთისთვის, შეშინების მცდელობა იმისთვის, რომ შეიქმნას განცდა, რომ სტრატეგიული სისტემა იშლება. რომ ეს ემუქრება სტრატეგიულ სტაბილურობას. მაგრამ ეს უფრო იმას ჰგავს, რომ პუტინი ფრთხილად იქცევა, იყენებს სიტყვა „შეზღუდვას“ და არა „გაუქმებას“. იტოვებს შესაძლებლობას, რომ დაუბრუნდეს მის სრულ შესრულებას. თუმცა ამჟამად ისინი ამ შეთანხმებას ისედაც არღვევენ, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციამაც და ბევრმა სხვამაც არაერთხელ განაცხადა“, - ამბობს ელჩი ტეფტი.
45 წელზე ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის მქონე ექსპერტი ამბობს, რომ პუტინი „ალტერნატიული რეალობის შენებას“ აგრძელებს. მაგრამ ეს ომი მისი არჩევანია. ტეფტის თქმით, გარდა ბირთვული მუქარისა, პუტინის სიტყვაში საგულისხმო იყო ისიც, რომ პრეზიდენტი შუალედური ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობდა, სურდა გაემართლებინა სამხედრო აგრესია, კიდევ ერთხელ დაერწმუნებინა ყველა, რომ ეს „იძულებითი ნაბიჯი“ იყო. ბევრმა კი დიპლომატის აზრით, მართებულად შეაფასა ეს გამოსვლა „პოპულისტურად“.
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სლავური, ევრაზიის და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი გრეიმ რობერტსონი ამბობს, რომ ეს განცხადება არ უნდა მივიჩნიოთ იმის დასტურად, რომ ცივი ომის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოების არქიტექტურა ინგრევა. ისიც პუტინის მიერ საგანგებოდ შერჩეულ ფორმულირებაზე ამახვილებს ყურადღებას და მის სიტყვას განგაშის ნიშნად არ მიიჩნევს.
„უშუალოდ შეთანხმების დატოვება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა და ამერიკაც დაიწყებდა რუსეთთან იარაღით კონკურენციას. არ მგონია რუსეთს ეს უნდოდეს. თუკი შეხედავთ პრობლემების იმ სიას, რომელთა თაობაზეც მან 1 საათისა და 45 წუთის განმავლობაში ისაუბრა, ძალიან ბევრ მათგანში ინვესტირებაა საჭირო და არ მგონია, რომ ისინი დაამატებენ რამდენიმე ათას ბირთვულ ქობინს. ეს დიდად ნამდვილად არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ასე რომ, მე ამას უფრო აღვიქვამ, როგორც გაფრთხილებას, მუქარის რიტორიკის ნაწილს, მაგრამ არა როგორც პრიორიტეტულ საფუძველს იმისათვის, რომ პანიკის ღილაკს თითი დავაჭიროთ“, - ამბობს გრეიმ რობერტსონი.
პუტინის მუქარისთვის პრეზიდენტ ბაიდენს პირდაპირ არ უპასუხია, თუმცა ამერიკის პირველმა დიპლომატმა რუსეთის გადაწყვეტილებას იარაღის კონტროლის შესახებ უმთავრესი შეთანხმების დატოვების შესახებ „უპასუხისმგებლო“ უწოდა: „რუსეთის განცხადება, რომ ის ზღუდავს თავის მონაწილეობას შეთანხმებაში, ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლოა. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რას იზამს სინამდვილეში მოსკოვი. რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შესაბამისი პოზიცია დავიკავოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოება“, - უთხრა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს ათენში.