ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თუ უკრაინა ნატოზე უარს იტყვის, რა ხდება საქართველოსთვის?


რუსეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში კიევმა უსაფრთხოების ცხადი გარანტიების სანაცვლოდ, ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა შესაძლებლობად განიხილა. თუმცა, ამის წინაპირობად უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალების სრული გასვლის შემდეგ, საკითხზე რეფერენდუმის გამართვა დაასახელა.

რას ნიშნავს საქართველოსთვის უკრაინის მიერ ალიანსისისკენ სწრაფვაზე უარის თქმა - ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი წარმომადგენელი და საქართველოსა და უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები მსჯელობენ იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს წინაშე შექმნილი ვითარება, მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში.

„უკრაინა მზად არის დიდი ბრძოლებისთვის. უკრაინამ ამ ბრძოლებში უნდა გაიმარჯვოს, მათ შორის, დონბასში, რის შემდეგაც უკრაინა მიიღებს გაცილებით მნიშვნელოვან პოზიციას მოლაპარაკებებში, რაც გვიკარნახებს კონკრეტულ პირობებს. ამის შემდეგ შეხვდებიან პრეზიდენტები, [ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი]“ - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ეს განცხადება 10 აპრილს გააკეთა. პოდოლიაკის განცხადებას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. სერგეი ლავროვმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ კიევის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, მისი თქმით, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს შექმნილ დოკუმენტს „მიუღებლად“ ცვლის.

ლავროვის თქმით, „სტამბოლის დოკუმენტში“ ნათქვამია, რომ „უკრაინის ნეიტრალური, არაბლოკური, არაბირთვული სტატუსის კონტექსტში, უცხოურ კონტიგენტებთან ერთად ნებისმიერი სამხედრო წვრთნები, მხოლოდ ყველა გარანტორი სახელმწიფოს თანხმობით ჩატარდება“. მისივე თქმით, კიევის მიერ ბოლოს შეთავაზებულ პროექტში ეს ასე აღარ არის.

„მათგან მოსულ შეთანხმების პროექტში ეს მკაფიო განცხადება ჩანაცვლებულია. ახლა [შეთანხმების უკრაინული პროექტის მიხედვით] არის შესაძლებლობა, სამხედრო წვრთნები, გარანტორი სახელმწიფოების უმრავლესობის შეთანხმებით ჩატარდეს, რუსეთის შესახებ ყოველგვარი მითითების გარეშე“ - აცხადებს ლავროვი.

სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენელმა დავით არახამიამ გასულ კვირას თქვა, რომ რუსულმა მხარემ სიტყვიერი თანხმობა განაცხადა, უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსთან დაკავშირებით რეფერნდუმი გაიმართოს და გადაწყვეტილება უკრაინელმა ხალხმა მიიღოს. მისივე თქმით, ამგვარი რეფერენდუმი მხოლოდ რუსული ძალების მიერ უკრაინის სრულად დატოვების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს.

რუსეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას კიევი მხოლოდ უსაფრთხოების ცხადი გარანტიების სანაცვლოდ განიხილავს.

რას ნიშნავს საქართველოსთვის, თუ უკრაინა ნატოს წევრობაზე უარს იტყვის და როგორ აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული უკრაინის მსჯელობას ნატოზე უარის თქმის შესაძლებობაზე?

„ამ ქვეყანას [უკრაინას], მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატოზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავზება - სასტარტო შეთავაზება, წარმოიდგინეთ, რუსეთის მიმართ. ეს არის, რა თქმა უნდა უმძიმესი მდგომარეობა. შესაბამისად სახეზეა მოცემულობა, რაც არის ძალიან სამწუხარო ჩვენთვის და ჩვენი ამოცანაა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ავაცილოთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ოთხ აპრილს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

თუმცა მოვლენათა ქრონოლოგია აჩვენებს, რომ ალიანსში უკრაინისა და მასთან ერთად, საქრათველოს გაწევრიანებაზე უარის თქმა მოსკოვმა დასავლეთისგან ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მოითხოვა. ამ მოთხოვნაზე რუსეთმა ვაშინგტონისა და ალიანსისგან მტკიცე უარი მიიღო. ამასთან, მიმდინარე მოლაპარაკებებში კიევს გადაწყვეტით არ უთქვამს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე უარს ამბობს.

ნატოს კარი ღია რჩება - ჰებრსტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:24 0:00

„უკრაინამ თქვა, რომ როგორც შეთანხმების ნაწილი, მზად არის განიხილოს ნატოში არ-გაწევრიანების საკითხი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება არ გაწევრიანდნენ ნატოში. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს უკრაინის პოზიცია იქნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ვერ შეძლებს ნატოში გაწევრიანებას. ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელია. კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს ალიანსს შეუერთდეს და ამისთვის მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი.

ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ამბობს, რომ უკრაინის მხირდან, ნეიტრალიტეტზე საუბარს, შესაძლოა, კონკრეტული მიზანი ჰქონდეს.

„მჯერა, რომ მიზეზი, რის გამოც ზელენსკი ამბობს, რომ შესაძლოა ნეიტრალიტეტს დათანხმდეს, არის იმის დემონსტრირება, რომ ეს საკითხი პუტინს სრულებით არ აინტერესებს. პუტინი თავს ესხმის უკრაინას ნებისმიერ შემთხვევაში, ნატოს წევრობის საკითხისგან დამოუკიდებლად. ის თავს ესხმის უკრაინას, რადგან სურს ახლიდან შექმნას რუსეთის იმპერია და გაანადგუროს უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ასე რომ, ნეიტრალიტეტზე საუბრით, ზელენსკი ძირს უთხრის პუტინის არგუმენტს, რომ ეს ყველაფერი რეალურად ნატოს ეხება. სინამდვილეში კი ნატო არაფერ შუაშია. ვფიქრობ, ზელენსკი გონივრულად იქცევა, როცა ამას აკეთებს“ - ამბობს ვოლკერი.

გარდა ამისა, ვოლკერი ამბობს, რომ ნეიტრალიტეტის მოდელი, რომელზეც უკრაინა საუბრობს, შესაძლოა მალე აღარ არსებობდეს. კიევი, ნეიტრალიტეტისა და უსფართხოების გარანტიების კონტექსტში შვედურ და ფინურ მოდელს განიხილავს. თავად ჰელსინკი და სტოკჰოლმი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე, ნატოში გაწევრიანებაზე უკვე აქტიურად საუბრობს. ვოლკერის თქმით, მოსალოდნელია, რომ ალიანსმა ორივე ქვეყანა ზაფხულში დაგეგმილ სამიტზე ნატოში წვერობისთვის მიიწვიოს.

მაგრამ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ საბოლოო ჯამში, კიევი უსაფრთხოების გარანტიებით ნატოზე უარს იტყვის? ვოლკერი თეორიულად რამდენიმე შესაძლო სცენარს განიხილავს და ამბობს, რომ დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რეგიონში, ე.წ. რუხი ზონები აღარ არსებობდეს.

„რაც შეეხება საქართველოს, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ნეიტრალურ სტატუსზე წავა - თუ ეს ნამდვილად მოხდა, თუ რუსეთი ამას მიიღებს, პუტინი ხელისუფლებაში დარჩება და დასავლეთის ქვეყნებიც ამას დათანხმდება, ეს ალბათ შექმნის მოდელს, რომლის შესახებაც საქართველოსთან და მოლდოვასთან ისაუბრებენ და ეტყვიან, 'კეთილი, იქნებ ეს მოდელი თქვენც მოგერგოთ'. მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდა - და მე მჯერა, რომ ეს ასე არ მოხდება - და უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთი დამარცხდება, უკრაინამ კვლავ უნდა შეხედოს ნატოს, არის თუ არა პროგრესი ალიანსში მისი შეყვანის მიზნით. მე ვფიქრობ, ჩვენ ასევე გადავალთ საქართველოსა და მოლდოვას ნატოში ერთდროულად შეყვანისკენ. ამით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავხურავთ ამ რუხ ზონებს.

უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთი დამარცხდება - ვოლკერი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:35 0:00

უფრო სავარაუდო სცენარით მგონია, რომ რუსეთი მარცხდება, რომ ისინი არ რჩებიან უკრაინაში. პუტინი დარჩება თუ არა ხელისუფლებაში, ის დამარცხებულ რუსეთს უხელმძღვანელებს. ჩვენ კვლავ უნდა გადავხედოთ ნატოს საკითხს, რადგან არ შეგვიძლია დავუშვათ ამ რუხი ზონების არსებობა. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთი თავს დაესხას ქვეყნებს, რადგან ისინი არ არიან მეხუთე მუხლით დაცულნი“ - აცხადებს ვოლკერი.

ვიდრე უკრაინას და საქართველოს ნატოს მეხუთე მუხლი არ იცავს და ისინი რუსეთის რევიზიონისზმის წინაშე არიან, საქართველოს პოზიციონირება და უკრაინისადმი მხარდაჭერაც მტკიცედ პრინციპული უნდა იყოს, - ამბობენ საქართველოსა და უკრაინაში შეერთებული შატატების ყოფილი ელჩები.

ჰერბსტის თქმით, „მოსკოვის ისტორიული რევიზიონიზმი მისი ყველა მეზობელი ქვეყნისთვის ძალიან საშიშია“. მისი თქმით, უკრაინა და საქართველო ამ პოლიტიკის ყველაზე სახიფათო ასპექტებს განიცდის. „საქართველომ უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი. შეერთებული შტატები, ნატო, ერვოკავშირი, საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობებით არის დაინტერესებული და მჯერა ეს პოლიტიკა გაგრძელდება“ - ამბობს უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი.

1998-2001 წლებში, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ რუსეთთან „დათვის კვების“ პოლიტიკა არ მუშაობს. „საქართველომ უნდა დიკავოს პოზიცია ქვეყნებთან, რომლებსაც კანონის და წესრიგის სწამთ და სჯერთ საერთაშორისო ურთიერთობების. საქართველომ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ იმ ქვეყნების გვერდით დგას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმას, რასაც რუსეთი სჩადის. რუსეთი უკვე აპირებს „სამხრეთ ოსეთის“ მიტაცებას. რა სარგებელი მოუტანა საქართველოს რუსეთთან კარგი და დაბალნსებული იყოს?“ - აცხადებს იალოვიცი.

თუმცა, ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილეს იჩენს და თბილისს ამისთვის რეალური საფუძველი ჰქონდა.

„ვიცი ძალიან მარტივი არგუმენტი, - საქართველო უკრაინას უჭერს მხარს, რადგან უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი აგრესორი და ჩვენ უკრაინის გამარჯვება გვინდა და ეს მართალია. ეს ძალიან მარტივი და სწორი არგუმენტია.

მაგრამ, თუ ამას საქართველოს ხელისუფლების პერსპექტივიდან შეხედავთ, მაშინ თქვენ არ უყურებთ უკრაინას, თქვენ დასავლეთს უყურებთ და ამბობთ - ნამდვილად ეხმარება დასავლეთი უკრაინას, თუ ისინი მინიმუმს აკეთებენ? და თუ უკრაინა მარცხდება და დასავლეთი ამას ეგუება, მაშინ ჩვენ ვიცით, რომ ისინი არასდროს მოვლენ ჩვენს დასახმარებლად. ასე რომ, თქვენ ნამდვილად უნდა უყუროთ, როგორ უმკლავდება ამას დასავლეთი და არ გსურთ იყოთ პოზიციაში, როცა რუსეთის წინააღმდეგ სრულად წახვედი, საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ რუსეთი იმარჯვებს და დასავლეთი უკან იხევს. ეს იქნება კატასტროფა საქართველოსთვისაც.

ვფიქრობ, დასავლეთში ცვლილებებია და ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რაც ქართველებმა უნდა გაითვალისწინონ.
კურტ ვოლკერი

ასე რომ, მე ვფიქრობ საქართველოს მთავრობა ძალიან ფრთხილად იქცევა, ყველა ფსონის დასაცავად, რადგან არ იცი რა იქნება საბოლოოდ.

მე ვიტყოდი გულწრფელად, როომ ბოლო ერთი-ორ კვირამდე დასავლეთი არ აჩვენებდა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო. ვფიქრობ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა საფუძველი, ეჭვი შეეტანა დასავლეთის გადაწყვეტაში“ - ამბობს ვოლკერი.

მისივე თქმით, ახლა დასავლეთის რიტორიკაში ცვლილებებია და საქართველომ ეს უნდა გაითვალისწინოს.

„ბოლო ორი კვირა ბრიუსელში გავატარე. ვფიქრობ, დასავლეთში ცვლილებებია და ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რაც ქართველებმა უნდა გაითვალისწინონ. ახლა ევროკავშირი უკრაინაზე არ საუბრობს, როგორც გამოწვევაზე. ისინი უკრაინაზე საუბრობენ, როგორც ევროპულ ქვეყანაზე. ეს მენტალიტეტში ფუნდამენტური ცვლილებაა. ნატში, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი საუბრობდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სიჩქარესა და მოცულობაზე, საჭირო იარაღის ტიპებზე. ეს ლექსიკა ძალიან განსხვავდება ერთი ან ორი კვირის წინანდელი ლექსიკისგან, იმ ნარატივისგან, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრიუსელში გააჟღერა. ეს ლექსიკა უფრო მეტად არის ორიენტირებული იმისკენ, თუ რა არის საჭირო უკრაინის გამარჯვებისთვის. ასე რომ, გასული ორი კვირის განმავლობაში, დასავლეთის ხედვაში მე ცვლილება აღმოვაჩინე“ - ამბობს ვოლკერი.

გასულ კვირაში, ბირუსელში გამართულ ნატოს მინისტერიალზე ალიანსის სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოც იყო მიწვეული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდა. მოგვიანებით იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსმა გადაწყვიტა უკრაინის დახმარების პარალელურად, თავდაცვის უნარიანობის გაზრდაში ასევე დაეხმაროს საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას. გენერალური მდივნის თქმით, ამ მიმართულებით საქართველოსთან მუშაობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გაგრძელდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG