უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გრემის დაჯილდოებაზე, რომელიც ლას-ვეგასში ჩატარდა, სიტყვით გამოვიდა. უკრაინის პირველმა პირმა, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს თავისი ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"მუსიკის ყველაზე მეტად საპირისპირო რა არის? განადგურებული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების სიჩუმე. აავსეთ ეს სიჩუმე თქვენი მუსიკით, რომ ჩვენს ისტორიას მოყვეთ. მხარი დაგვიჭირეთ ნებისმიერი გზით, რითიც შეგიძლიათ",- თქვა ზელენკიმ.
"ჩვენს მუსიკოსებს პიჯაკების ნაცვლად სამხედრო ფორმა აცვიათ. ისინი დაჭრილებს უმღერიან საავადმყოფოებში. მათაც კი, ვისაც არ ესმით, მაგრამ გვჯერა- მუსიკა მათამდეც მიაღწევს",- დაამატა ზელენსკიმ.
პრეზიდენტ ზელენსკის შემდეგ, სცენაზე ამერიკელი მომღერალი ჯონ ლეჯენდი ავიდა, რომლის მუსიკალურ ნომერშიც, უკრაინელი მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ. ისმოდა უკრიანელი პოეტის, ლიუბოვ იაკამჩუკის პოეზიაც.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის პერიოდში, ვოლოდიმირ ზელენსკის ბევრი საერთაშორისო მიმართვა ჰქონდა. ის ყველა ტრიბუნას იყენებს იმისთვის, რომ თავის ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციაზე მსოფლიოს გააგებინოს. ზელენსკიმ მიმართა ამერიკის კონგრესს; იაპონიის, ბრიტანეთის და ავსტრალიის პარლამენტებს; ისრაელის ქნესეთს და სხვადასხვა ორგანიზაციებს.