ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატოს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიწვევისთვის, რაც ილია დარჩიაშვილის თქმით, ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა.

„ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატოს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას განიხილავენ, ალიანსი განიხილავს ასევე ნატოს 2030 წლის კონცეფციას, რუსეთის უკრაინაში შეჭრით ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების არქიტექტურასა და ასპირანტი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის კონკრეტულ ნაბიჯებს.

მინისტერიალის წინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ განხილვის ერთ-ერთი საკითხი იქნება ასევე იმ პარტნიორებისადმი დახმარების საკითხი, რომლებიც რუსეთის ზემოქმედების საფრთხეს განიცდიან. იენს სტოლტენბერგის თქმით, ასეთია საქართველო.

"ვისაც სჯერა დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყონ საქართველოს მსგავსი ახლო და ფასეული პარტნიორების მხარდაჭერა", - თქვა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღია რჩება საქართველოსთვის.

"ამ საკითხზე რუსეთს ან სხვა ქვეყნებს ვეტოს უფლება არ აქვთ. ეს არის აპლიკანტი ქვეყნისა და ნატოს 30 წევრის გადასაწყვეტი", - თქვა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, განიხილავენ, რა სახის დახმარების აღმოჩენა შეუძლია ნატოს საქართველოსთვის, როდესაც მისი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. საუბარი შეეხება დახმარებას კიბერსივრცისა და უსაფრთხოების კომუნიკაციების სფეროში, რათა საქართველომ შეძლოს თავისი შესაძლებლობების გაძლიერება რუსეთისგან მომდინარე ზემოქმედებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG