ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის იერიში გრძელდება უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში


უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმოდა, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასავლეთს რუსეთს წინააღმდეგ ახალი და უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ძალა მიეცა ამ კვირაში, კიევთან ახლო მდებარე ქალაქ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც დასავლეთში აფასებენ, როგორც ომის დანაშაულებს.

რომის პაპმა ფრანცისკემ მომხდარს „ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა. ხოლო ზელენსკიმ დასავლეთს უფრო მკაცრი ნაბიჯებისკენ მოუწოდა.

„მე ვერ ვეგუები გადაუწყვეტელობას მას შემდეგ, რაც რუსთის ჯარებმა გააკეთეს“, - თქვა მან ირლანდიის პარლამენტში გამოსვლისას.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები ახალ სანქციებს დაუწესებენ რუსულ ბანკებს და რუსეთში ინვესტიციებს აკრძალავენ. ევროკომისიის პრეზიდენტმაც მიანიშნა დამატებითი სანქციების, მათ შორის ენერგო-იმპორტის შემცირების კუთხით ევროკავშირის შესაძლო ნაბიჯებზე.

მას შემდეგ, რაც კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია, რუსულმა ჯარმა ფოკუსი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთზე გადაიტანა. ამის შესახებ საუბრობს ვაშინგტონი. აღნიშნულზე განაცხადა თავად რუსეთმაც.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ხარკივი, რჩება შეტევის ქვეშ. ხოლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლუჰანსკში მოუწოდა მაცხოვრებლებს, რომ რეგიონი დატოვონ. ალყაში რჩება საპორტო ქალაქი მარიუპოლიც. ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ქალაქში ჰუმანიტარული ვითარება მძიმდება. აღნიშნულის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.

ქალაქ სევეროდონეცკში, რუსული საარტილერიო იერიშის შემდეგ 10 მაღალ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულზე ინფორმაციას, რეგიონის გუბერნატორი ავრცელებს. უფრო სამხრეთით კი, დონეცკის გუბერნატორის თქმით, მინიმუმ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ხუთი დაშავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა ჰუმანიტარული დახმარების დისტრიბუციის პოსტს ქალაქ ვუჰლედართან.

რუსეთი საკუთარ ომს უკრაინაში, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს და ამბობს, რომ მისი მიზანი უკრაინის „დენაციფიკაციაა“.

XS
SM
MD
LG