ევროკავშირი, უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტზე შეთანხმდა. ახალი სანქციები მოიცავს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტს და რუსული გემებისთვის ევროპის პორტების დახურვას.
„წინა ოთხ პაკეტთან ერთად, ეს სანქციები ხელს შეუწყობს კრემლზე ზეწოლის გაზრდას და შეზღუდავს მის შესაძლებლობას დააფინანსოს უკრაინაში შეჭრა“, - განაცხადა ბლოკმა 8 აპრილს.
ახალი სანქციები სამიზნეში იღებს ხუთ მიმართულებას: რუსულ ქვანახშირს, ფინანსურ გადარიცხვებს, ტრანსპორტს, იმპორტს და ექსპორტს რუსეთში და რიცხავს რუსეთს საჯარო კონტრაქტებიდან და ევროპული ფონდებიდან.
პარალელურად, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ზრდის სანქცირებულთა სიას და მასში პუტინის ქალიშვილები, ეკატერინა ტიხონოვა, მარია ვორონცოვა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი ეკატერინა ვინოკუროვა შეჰყავს. შეერთებულმა შტატებმა, საკუთარი სანქციების სიას სამივე მათგანი კვირის დასაწყისში დაამატა.
„ჩვენი უპრეცედენტო სანქციების პაკეტი ელიტასა და მათ ოჯახებს ურტყამს, ასევე ამცირებს რუსეთის ეკონომიკას ისე, როგორც ეს არ გვინახავს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ლიზ ტრასმა.
ბრიტანეთი აცხადებს, რომ ანალიზი აჩვენებს, რომ მოსკოვს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველა დიდი ეკონომიკური რეცესია ელის. ბრიტანეთის გათვლებით, სანქციების შედეგად, რუსეთის უცხო ვალუტის რეზერვების 60 პროცენტი ამ დროისთვის გაყინულია.