რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეცდომაში შეიყვანეს მრჩევლებმა, რომლებსაც ძალიან ეშინოდათ მისთვის ეთქვათ, თუ რამდენად ცუდად მიდის ომი უკრაინაში და რამდენად საზიანოა დასავლეთის სანქციები - ამ შინაარსის განცხადებებს თეთრ სახლში, ასევე ევროპის ოფიციალური პირები აკეთებენ.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინი რუსი სამხედროების მიერ, თავს შეცდომაში შეყვანილად თვლის, რამაც მუდმივი დაძაბულობა გამოიწვია, პუტინსა და მის სამხედრო ლიდერებს შორის“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა ქეით ბედინგფილდმა.
„ჩვენ გვჯერა, რომ პუტინს მრჩევლები დეზინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდად მუშაობს რუსული ჯარი და როგორ ითრგუნება რუსეთის ეკონომიკა სანქციებით, რადგან მის უფროს მრჩევლებს ძალიან ეშინიათ მისთვის სიმართლის თქმა“ - ამბობს ბედინგფილდი.
სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას, ანონიმურობის დაცვით, ერთ-ერთი ევროპელი დიპოლომატი აცხადებს, რომ თეთრი სახლის ეს შეფასება, შესაბამისობაში მოდის ვითარების ევროპულ აღქმასთან.
"პუტინი ფიქრობდა, რომ ყველაფერი უკეთესად მიდიოდა, ვიდრე იყო. პრობლემა ისაა, რომ მას ირგვლივ "დიახ ბატონო" ადამიანები ჰყავს, ან ის რომ მათთან ერთად, მხოლოდ ძალიან გრძელი მაგიდის ბოლოში ზის“ - ამბობს დიპლომატი.
სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთმა ხელახლა ჩამოაყალიბა თავისი საომარი მიზნები უკრაინაში ისე, რომ შესაძლოა პუტინს გაუადვილდეს გამარჯვების მოპოვება, მიუხედავად სავალალო კამპანიისა, რომელშიც მისმა არმიამ დამამცირებელი წარუმატებლობა განიცადა.
ოთხშაბათს რუსულმა ძალებმა დაბომბა დედაქალაქ კიევის გარეუბნები და ალყაშემორტყმული ქალაქი ჩერნიჰოვი, ჩრდილოეთ უკრაინაში. ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთმა ორივე ქალაქაში, სამხედრო ოპერაციების შემცირების პირობა დადო. რუსეთის დაპირებას, დასავალეთი გადაჯგუფების ხრიკს უწოდებდა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს, რასაც დასავლეთი არაპროვოცირებულ შეჭრას უწოდებს, კვლავ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებს, რომლის მიზანიც, მეზობლის განიარაღება და "დენაციფიკაციაა".