ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიქციური „დამოუკიდებლობიდან“ პუტინის იოლ „გამარჯვებამდე“ - გამოცხადებული „რეფერენდუმების“ ქრონიკა


„თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“- 1991 წელს, საქართველოში 3 302 572-მა ადამიანმა, ამომრჩეველთა 99,8%-მა, კითხვის პასუხად „დიახ“ თქვა. რეფერენდუმი 31 მარტს გაიმართა. 31 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებული და მის მიერვე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი, „რეფერენდუმის“ გამართვის შესახებ საუბრობს.

უცნობია, „რეფერენდუმის“ გამართვის შემთხვევაში, როგორ იქნება კითხვა ფორმულირებული, თუმცა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი გეგმავს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს ჰკითხოს, სურთ თუ არა, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა.

გამოცხადებული „რეფერენდუმების“ ქრონიკა

ოკუპირებულ ცხინვალს, რუსეთთან შეერთების იდეით, „რეფერენდუმის“ გამართვის გეგმების შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია.

„აფხაზეთისგან განსხვავებით, „სამხრეთ ოსეთი“ ყოველთვის თამაშობდა რუსეთთან შეერთების საკითხით. ისინი არასდროს მალავდნენ, რომ ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება სურთ. ასე რომ, რეფერენდუმის გამართვის შესახებ, აქამდეც რამდენჯერმე უსაუბრიათ, მაგრამ [მაშინ] რუსები ამით არ დაინტერესდნენ. ვფიქრობ, ახლა ისინი ამით დაინტერესებულნი იქნებიან“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას კენეტ იალოვიცი. დიპლომატს 1998-2001 წლებში, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა ეკავა.

ლეონიდ თიბილოვი იყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სპერატისტ ლიდერთა შორის ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის ფედერაციის ფარგლებში, ჩრდილოეთ ოსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაერთიანებაზე საუბრობდა. თიბილოვმა საკითხი დღის წესრიგში 2012 წელს დააყენა.

2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლება რუსეთთან შეერთების თაობაზე, „რეფერენდუმის“ გამართვის შესახებ კვლავ იწყებს საუბარს.

2017 წელს, „რეფერენდუმი“ ნამდვილად გაიმართა, თუმცა საბოლოოდ საკითხი შეიცვალა და რუსეთთან შეერთების ნაცვლად, ე.წ. არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს ჰკითხეს, ეთანხმებოდნენ თუ არა, ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას და ალანიას დარქმევას.

ნებისმიერ შემთხვევაში, იყო თუ არა მაშინ „რეფერენდუმის“ კითხვის შეცვლის მიზეზი, რუსეთის ინტერესის ნაკლებობა როგორც ამას საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ამბობს, 2014 და 2017 წლებს, როცა სეპარატისტები რუსეთთან შეერთებაზე იწყებენ საუბარს, 2022 წელთან მინიმუმ ორი რამ აქვს საერთო - რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში.

2017 წლის მსგავსად, 10 აპრილს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

ე.წ. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში, ბიბილოვმა თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, მოსკოვთან „კონსულტაციებს“ მართავს რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის გამართვის თაობაზე.

„მწამს, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია. ეს ჩვენი გზაა და სამხრეთ ოსეთი ამ გზით წავა“ - თქვა ბიბილოვმა.

კრემლი უარყოფს, „რეფერენდუმის“ გამართვის შესახებ, მარიონეტულ რეჟიმთან რაიმე სახის კონსულტაციას.

„არავითარი პოზიციის გამოხატვა არ შემიძლია. ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა მოქმედება არ განგვიხორციელებია, მაგრამ, ამავდროულად, ამ შემთხვევაში, საუბარია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე და მას ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით" - განაცხადა 31 მარტს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

ფიქციური „დამოუკიდებლობიდან“, პუტინის იოლ „გამარჯვებამდე“

„ჩემთვის სრულიად ნათელია, ვიცით, რომ რუსეთი უბრალოდ არ ცნობს არც ერთ საერთაშორისო კანონს სახელმწიფოების, საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ცხადია, ამას ვხედავთ უკრაინაში, მაგრამ რუსეთი „სამხრეთ ოსეთის“ შემთხვევაში გზას ე.წ. დამოუკიდებლობის ფიქციიდან გადის. სასაცილოა, როცა ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნად აცხადებ, რამდენიმე წლის შემდეგ კი, რუსეთთან შესაერთებლად, რეფერენდუმს ამართვინებ. ეს ყველაფერი, ძალიან ხელოვნური და ყალბია და ვფიქრობ პირდაპირი კავშირი აქვს იმასთან, რაც უკრაინაში ხდება“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას იალოვიცი.

საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესაძლო მიერთება, პუტინისთვის საჭირო „იოლი გამარჯვება“ შეიძლება იყოს.

„ჩემი ვარაუდით, ამას პუტინმა შეიძლება შეხედოს, როგორც გამარჯვებას იმ მიწების დაბრუნების საკითხში, რომლებიც მისი აზრით რუსეთის განუყოფელი ნაწილია. ცხადია, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთს ძალიან ძლიერ დარტყმას აყენებს. ძლიერ დარტყმას აყენებენ უკრაინელი ჯარისკაცები, ქვეყნები, რომლებიც უკრაინას უჭერს მხარს. ამ ყველაფრის ფონზე, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა გრძნობდეს, რომ ახლა გამარჯვება სჭირდება და ეს მისთვის იოლი გამარჯვება იქნებოდა“ - ამბობს იალოვიცი.

"იოლი გამარჯვება" პუტინისთვის - იალოვიცი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:38 0:00

თუმცა, როგორც ჩანს, კრემლს ამგვარი „იოლი გამარჯვების“ იმედი არ უნდა ჰქონდეს საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის შემთხვევში. დე ფაქტო პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი, რუსეთის შემდაგენლობაში შესვლას არ აპირებს.

„მივესალმებით სამხრეთ ოსეთის ხალხის მისწრაფებას, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს ფარგლებში, ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების შესახებ. დარწმუნებული ვართ, ეს ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის ინტერესებს სრულად შეესაბამება“ - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

„სუვერენული, დამოუკიდებელი აფხაზეთი აშენებს და კვლავ განაგრძობს ურთიერთობების დამყარებას მოძმე რუსეთთან, 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმების მკაცრი დაცვით“ , - ამბობს ბჟანია.

მისი თქმით, რუსეთთან აღნიშინული შეთანხმება ითვალისწინებს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას; თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას; ერთიანი ეკონომიკური და სოციალური სივრცის ფორმირებას; ოკუპირებული აფხაზეთის სოაციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ხელშეწყობას; პოსტსაბჭოთა სივრცეში ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციის პროცესებში, მისი სრულფასოვანი მონაწილეობისთვის პირობების შექმნას, რომლებიც რეალიზებული იქნება რუსეთის ინიციატივითა და დახმარებით.

ოკუპირებული აფხაზეთის პოზიცია, კენეტ იალოვიცს ოპტიმზმის საფუძველს აძლევს. საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ყოველთვის ცდილობდა, „რუსეთს არ ჩაეყლაპა."

„მაშინაც კი, როცა საქართველოში ელჩი ვიყავი, ჩემთვის ცხადი იყო, რომ აფხაზები განსხვავებულნი არიან. აფხაზებს აქვთ იმის აღქმა, თუ ვინ არიან - ისტორიის, კულტურის, ჰყავთ საკუთარი ეროვნული გმირები და ასე შემდეგ. ვიხილეთ, გარკვეული გზებით, როგორც ცდილობდნენ რუსეთს არ ჩაეყლაპათ მას შემდეგ, რაც ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. მათი რეაქცია ძალიან მნიშველოვანია, რადგან ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ რჩება შესაძლებლობა აფხაზეთისთვის საქართველოში, ხელახალი ჩართულობისთვის“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი.

როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს მთავრობამ?

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება „მიუღებელია“ და მას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო ერთგულია ჩართულობის პოლიტიკისა და ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ სიკეთეების გაზიარებისა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მოაქვს.

„რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში,როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული. ოკუპაციას აქვს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარეობს ოკუპაცია. შესაბამისად, ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ ექნება მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანი ამბობს, რომ არსებობს მცდელობები 2008 წლის ომის შემდეგ „საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში.“

„მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ის მძიმე შედეგები, რომელიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს განმეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, პოლიტიკის, რომელიც მიმართულია დეოკუპაციისკენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულებისკენ, ჩვენ ამ ვალდებულების ერთგულნი ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენთვის ის იურიდიული ვალდებულება,რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს“- განაცხადა ზალკალიანმა.

კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია, „რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი იყო“. მისი თქმით, ის რაც ახლა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ხდება, საქართველოს ხელისუფლებისთვის „თვალის ამხელი“ უნდა იყოს და უნდა შეუერთდეს საერთაშორისო პოზიციას, რომელიც მკაცრად გმობს უკრაინაში რუსეთის ქმედებებს. მისივე თქმით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ყოფნა, საკითხს „დელიკატურს ხდის“, თუმცა ახლა, როცა ე.წ. სამხრეთ ოსეთი შესაძლოა რუსეთმა ოფიციალურად, სრულად შეიერთოს, ნათელი ხდება, რომ „დათვის კვების“ პოლიტიკა არ მუშაობს.

„რის დემონსტრირებასაც ეს ახდენს ის არის, რომ არ შეიძლება გააგრძელო დათვის კვება და ელოდო, რომ ის დაკმაყოფილდება. საქართველო პრინციპული უნდა იყოს. უნდა შეხედოს, რას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება, უნდა შეხედოს როგორ იტანჯება უკრაინელი ხალხი და როგორი მამაცები არიან ისინი. იქნებ ეს გაკვეთილი იყოს საქართველოსთვის. საქართველომ უნდა დიკავოს პოზიცია ქვეყნებთან, რომლებსაც კანონის და წესრიგის სწამს, სჯერა საერთაშორისო ურთიერთობების. საქართველომ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ იმ ქვეყნების გვერდით დგას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმას, რასაც რუსეთი სჩადის. რუსეთი უკვე აპირებს „სამხრეთ ოსეთის“ მიტაცებას. მაშ, რა სარგებელი მოუტანა საქართველოს მცდელობამ [რუსეთთან] კარგი და დაბალნსებული იყოს?“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი.

ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია

„არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც რუსეთის მთავრობას არ აქვს უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები სამხრეთ ოსეთის მომავლის შესახებ, რომელიც საქართველოს ნაწილია“ - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ასე გამოეხმაურა განვითარებულ მოვლენებს. შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ ვგმობთ, რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილების ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე“ - აცხადებს ნედ პრაისი და ამბობს, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფისთვის რუსეთის ან მისი მარიონეტების ძალისხმევის შედეგებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG