ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ქველმოქმედებაში ვერ ჩავერთვებით” - კრემლი გაზის რუბლში გაყიდვას ცდილობს


კრემლი აცახადებს, რომ თუ ევროპა უარს იტყვის რუსული გაზის საფასური, რუსულ ვალუტაშივე გადაიხადოს, მაშინ მოსკოვს გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. მანამდე, რუსეთი მუშაობს მეთოდებზე, როგორ მიიღოს გაზის ექსპორტში მიღებული შემოსავალი, რუბლში.

რუსეთმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ “არამეგობრულმა” ქვეყნებმა, რუსული საწვავის საფასური არა ევროთი, არამედ რუბლით უნდა გადაიხადონ. პარასკევს გამართულ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე, საკითხთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიცია არ გამოჩენილა.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, მთავრობამ და გაზპრომმა, რომლის ანგარიშზეც, ევროპული გაზის იმპორტის 40 %-ია, პრეზიდენტ პუტინს, 31 მარტამდე უნდა წარუდგინონ წინადადებები, გაზის საფასურის რუბლში მიღებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ არ ვაპირებთ გაზის უფასოდ მიწოდებას, ეს ნათელია. ჩვენს სიტუაციაში, ძნელად შესაძლებელი და მიზანშეწონილია, ევროპელ მომხმარებელთან ქველმოქმედებაში ჩავერთოთ” - განაცხადა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

პარასკევს, მაუწყებელ Welt-თან ინტერვიუში, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა გერმანელ ენერგეტიკულ პროვაიდერებს ურჩია, არ გადაიხადონ რუსული გაზის საფასური რუბლით.

იტალია გააგრძელებს რუსულ ენერგიაში ევროს გადახდას, განაცხადა გასულ კვირას იტალიის მთავრობის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა.

“ევროპაში ერთადერთი დიდი პრობლემა არის გაზი და რუსეთი გვთხოვს გადავიხადოთ რუბლით, რაც ჩვენ არ გვაქვს და ეს არ არის კონტრაქტში“, - განაცხადა იტალიური ენერგეტიკული ჯგუფის, “Eni”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კლაუდიო დესკალციმ.

პოლონურმა “PGNiG”-მა, რომელსაც გაზპრომთან კონტრაქტი წლის ბოლომდე აქვს, ასევე განაცხადა, რომ არ შეუძლია გადავიდეს მხოლოდ რუბლში გადახდაზე.

ევროკავშირი მიზნად ისახავს ორი მესამედით შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება და 2027 წლისთვის დაასრულოს რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი.

პარასკევს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე იმუშავებს.

რუსული გაზის ექსპორტი ევროკავშირში გასულ წელს დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრი იყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG