შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამერიკას „არ აქვს რუსეთში, ან სადმე სხვაგან რეჟიმის შეცვლის სტრატეგია". ენტონი ბლინკენმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი „ხელისუფლებაში ვერ დარჩება“.
„ვფიქრობ, პრეზიდენტმა, თეთრმა სახლმა წუხელ აღნიშნა, რომ უბრალოდ, პრეზიდენტ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, აწარმოოს ომი ან აგრესია, უკრაინის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ“, - განაცხადა ბლინკენმა კვირას, იერუსალიმში ვიზიტის დროს.
ბაიდენმა შაბათს პოლონეთში თქვა, რომ მსოფლიო დემოკრატიის დაცვის მიზნით, მომავალი თაობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთის მიერ უკრაინის დაცვა რუსეთის თავდასხმისგან.
„ამ მომენტის გამოცდა ყველა დროის გამოცდაა“, - განაცხადა ბაიდენმა ვარშავის სამეფო ციხესიმაგრესთან გამოსვლისას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა და რომელიც 1970-80-იან წლებში, ნანგრევების გამოყენებით აღადგინეს.
ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის „ერთ-ერთი უძველესი ადამიანური იმპულსის მაგალითი, რომელიც იყენებს უხეშ ძალასა და დეზინფორმაციას, აბსოლუტური ძალაუფლებისა და კონტროლისკენ ლტოლვის დასაკმაყოფილებლად“.
”ეს არაფრია, თუ არა გამოწვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა” - დასძინა ბაიდენმა.
პუტინთან დაკავშირებით კი, ბაიდენმა ასეთი რამ თქვა: „ღვთის გულისათვის, ეს კაცი ხელისუფლებაში ვერ დარჩება“.
იმავდროულად, მეზობელი უკრაინის დასავლეთ ლვივის რეგიონში შაბათს, ხუთი ადამიანი დაშავდა ორი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. გუბერნატორმა მაკსიმ კოზიტსკიმ განაცხადა, რომ ორი რაკეტა მოხვდა საწვავის საცავს, ხოლო ორი - სამხედრო ქარხანას.
"ასოშეითიდ პრესის" ცნობით, ერთ-ერთ ობიექტზე დააკავეს მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთისთვის ჯაშუშობაში.
”დღევანდელი დარტყმებით,” - თქვა ლვივის მერმა, ანდრეი სადოვიმ სატელევიზიო მიმართვაში, ”აგრესორი ესალმება პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც პოლონეთში იმყოფება”.
ვარშავაში განცხადების გაკეთებამდე, პრეზიდენტმა ბაიდენმა შეხვედრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ლიდერებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია განიხილეს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა რუსეთზე უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაწესებულ სანქციებს და აღნიშნა, რომ ამ საქციებს „აქვს ძალა, მოწინააღმდეგის სამხედრო ძალებს ზიანი მიაყენოს“.
ბაიდენმა გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, „არც იფიქროს ნატოს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრითაც კი გადასვლაზე“. მან შეახსენა პუტინს, რომ ალიანსს აქვს „წმინდა ვალდებულება... დაიცვას ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი“.
„პოლონელებს დიდი საფრთხის შეგრძნება აქვთ, რადგან ვიცით, რას ნიშნავს რუსული იმპერიალიზმი და რუსული არმიის თავდასხმა. იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრები, ზოგჯერ ჩვენი მშობლები, ამას გადაურჩნენ“, - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ.
ნატოს წევრმა პოლონეთმა, 3.8 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილიდან, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვეს, 2 მილიონზე მეტი შეიფარა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა შაბათს შეხვედრა გამართა პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებთან. მანამდე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ოჯახის გაერთიანებაზე ფოკუსით, შეერთებული შტატები მზადაა, 100 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღოს.