უკრაინაში ახალი იმედი გაჩნდა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ომში ქვეყანას არ მიატოვებს და განაგრძობს მოკავშირეების დარწმუნებასაც, რომ უკრაინას მეტი დახმარება გაუწიონ.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მივიღეთ მკაფიო დაპირება, რომ შეერთბული შტატები უკრაინასთან იქნება გამარჯვებამდე და არაფერი შეარყევს მათ მხარდაჭერას“, - უთხრა მედიას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ვარშავაში, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.
უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლები ერთმანეთს პოლონეთში შეხვდნენ. პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად პოლონეთის დედაქალაქში ასევე იმყოფებიან სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ილაპარაკეს კონკრეტულ გეგმებზე, არა მხოლოდ "ერთჯერად, ტაქტიკურ გადაწყვეტილებებზე", არამედ "სისტემურ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზეც".
"ფეისბუქის" გვერდზე კულებამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ასახავს, თუ როგორ უჩვენებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი რუსულ რაკეტას აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათთან შეხვედრის დროს.
„ჩვენ შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, რათა უფრო ცოტა ასეთი რაკეტა ჩამოვარდეს უკრაინაში და რა თქმა უნდა, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს“, - წერს კულება.
უკრაინის რუსულენოვანი მაუწყებლობა „FREEДОМ - UATV Channel“-ი“ იტყობინება, რომ უკრაინულმა მხარემ მნიშვნელოვანი დაპირებები მიიღო და მოელიან, რომ ეს პრაქტიკაშიც განხორციელდება. უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შემდეგ, ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა.
26 მარტს გამართული შეხვედრის შედეგ, ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა.
„შეხვედრას ვაფასებ ფრთხილი ოპტიმიზმით. განვიხილეთ უკრაინის არმიის გადაუდებელი საჭიროებები. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: „უკრაინამ შთააგონა გაამხნევა მსოფლიო“. დამაიმედებელია. ჩვენ უკრაინოცენტრიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ერთობლივ ბრძოლაში ვართ, საერთო მტერთან“, - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
პრეზიდენტი ბაიდენი ვარშავაში 25 მარტს ჩაფრინდა. უკრაინელი ჟურნალისტები იუწყებიან მოლოდინზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტს „გადაუჭარბებლად ძლიერი გამოსვლა“ ექნება 26 მარტს საღამოს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და რამდენიმე დღეში, დამოუკიდბელი სამხედრო ექსპერტები უკვე ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ჩანაფიქრმა და საომარმა სტრატეგიამ მარცხი განიცადა. ომმა, ორივე მხარეს, უკვე შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.
რუსეთი არ ინდობს მშვიდობიან მოსახლეობას და მის ავიაიერიშებს, კიევის ცნობით, უკვე ემსხვერპლა 136 უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე.