უკრაინაში რუსეთის ინტერვენციისა და ლვივში აფეთქებების ფონზე, ვარშავაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საჯაროდ ვრცელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის არის „ბრძოლა თავისუფლებისთვის“.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით „იმპერიის აღდგენისკენ მიდრეკილი დიქტატორი ვერასდროს წაშლის ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი“.
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორი ქვეყნები უკრაინის გვერდით დგას.
მან გამოსვლა რომის პაპი იოანე პავლე მეორის სიტყვებით გაიხსენა და თქვა, „ნუ გეშინიათ“. ეს იყო ნაწყვეტი გზავნილიდან, რომელიც პოლონური წარმოშობის მქონე პაპმა 1979 წელს საბჭოთა კავშირს გაუგზავნა.
„ჩვენ ხელახლა გამოვჩნდით თავისუფლებისთვის დიდ ბრძოლაში, ბრძოლაში დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ეს ბრძოლა არ დასრულდება დღეებსა და თვეებში“, - თქვა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ვარშავაში, სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი რამდენჯერმე ახსენა, რასაც ოვაციები მოჰყვა.
„ახლა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში უკრაინა და მისი ხალხი ფრონტის წინა ხაზზე არიან, იბრძვიან თავიანთი ერის გადასარჩენად საკუთარი მამაცური წინააღმდეგობით“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და თქვა, „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“ მისი თქმით, ეს გზავნილი ამერიკელი ხალხის სახელით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსაც გადასცა, რომელსაც დღეს ბაიდენი პირადად შეხვდა.
ვარშავაში გამოსვლის დროს, ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი ძალაუფლების პოზიციაში არ უნდა დარჩეს. „ღვთის გულისთვის ეს ადამიანი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში".
პრეზიდენტმა ბაიდენმა რუს ხალხს უთხრა, „თქვენ ჩვენი მტრები არ ხართ“.
„მე ყოველთვის პირდაპირ და გულახდილად გელაპარაკებოდით თქვენ, რუს ხალხს. ნება მომეცით გითხრათ, თუ თქვენ შეგიძლიათ ახლა ამის მოსმენა. მე ვამბობ, რომ რუსი ხალხი არ არის ჩვენი მტერი. მე არ მჯერა, რომ თქვენ მიესალმებით უდანაშაულო ბავშვების, ბებია-ბაბუების მკვლელობას, სკოლების, საავადმყოფოების, სამშობიაროების რუსული რაკეთებით დაბომბვას. ღვთის გულისათვის“, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
კრემლი დღემდე ამტკიცებს, რომ უკრაინაში ნაცისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციას მართავს, ვარშავაში მყოფმა ბაიდენმა კი თქვა.
„ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, ის ხალხმა აირჩია. ის ებრაელია. მისი ბაბუა ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდა“
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა 24 თებერვლამდე მიმდინარე პროცესები და თქვა, რომ რუსეთი ჯიუტად უარყოფდა იმას, რომ ემზადებოდა უკრაინაში შეჭრისთვის.
„რუსეთი ჯიუტად გვიმტკიცებდა, რომ ჯარის მობილიზებას დაგეგმილი სწავლებისთვის ახდენდა“, თქვა ბაიდენმა.
მისი თქმით დასავლეთმა რუსეთს დანაპირები შეუსრულა და აამოქმედა მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომლებმაც რუსულ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა უკვე იქონია. ბაიდენის თქმით, 1 ამერიკული დოლარი დღეს 200 რუბლია. აქვე ამერიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კერძო კომპანიებს, რომ მათ დატოვეს რუსული ბაზარი. ბაიდენის თქმით, ასეთი სულ 400 კომპანიაა, მათ შორის არის "მაკდონალდსი".
„ეს არ არის ის, რაც თქვენ ხართ. ეს არ არის მომავალი რომელსაც თქვენ, თქვენი შვილები ან შვილიშვილები იმსახურებენ. ეს ომი არ არის თქვენი, რუსი ხალხის საკადრისი“, - თქვა ბაიდენმა.
სიტყვით გამოსვლის დროს ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკა დაიცავს ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებს და პუტინს მიმართა.
„არც კი იფიქრო, ნატოს ტერიტორიის ერთ სანტიმეტრზეც კი გადმოსვლა“, - თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ამერიკა და მოკავშირე ქვეყნები გააგრძელებენ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას.
რაც შეეხება უკრაინას, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ვაშინგტონი კიევს როგორც სამხედრო, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს თუმცა ამერიკელი სამხედროები ომში არ ჩაერთვებიან.
„ამერიკული ძალები ევროპაში არ არიან იმისთვის, რომ კონფლიქტში ჩაერთონ რუსულ ძალებთან. ამერიკული ძალები აქ არიან ნატოს მოკავშირეების დასაცავად“, - თქვა მან.
ჯო ბაიდენმა დღის დასაწყისში პოლონეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ერთგული რჩება.
დღესვე ამერიკის პრეზიდენტმა ვარშავაში, ქალაქის მერთან ერთად უკრაინელი დევნილები მოინახულა.
„დღეს როცა მათ ვხვდებოდი ვნახე ადამიანები რომლებსაც თვალები ცრემლიანი ჰქონდათ. ბავშვები, პატარა ბავშვები მეკითხებოდნენ, ბატონო პრეზიდენტო მამაჩემი და ჩემი ძმა ხომ კარგად იქნებიან? დღეს ბევრი უკრაინული ოჯახი გაყოფილია და მამაკაცები მამაცად იცავენ უკრაინას. ქვეყნის მთლიანობას და თავისუფლებას“, - თქვა ბაიდენმა.