ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიუღებელი და შოკისმომგვრელი - "ქართული ოცნება" რუსეთთან ომს გამორიცხავს


საქართველოში მმართველი პარტიის წარმომადგენლები კომენტარს აკეთებენ ალექსეი დანილოვის, უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებაზე. "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება" - თქვა დანილოვმა.

"ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ საქართველო სამშვიდობო პოლიტიკის კურსის ერთგულია და ის არ გეგმავს მისგან გადახვევას და ქვეყნის "ომში ჩათრევას".

მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახლა საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდებას არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ არავითარ დახმარებას არ გამოიწვევს ეს უკრაინისთვის და უბრალოდ, არასწორია... არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს ახლა საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდებას, რომელსაც ყველაფერი შეგვიძლია დავარქვათ, გარდა ერთისა, ეს ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესში - ეს შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ" - თქვა სარჯველაძემ.

დანილოვის განცხადებას "ფეისბუქზე" საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც ეხმაურება. ირაკლი ბერაიას თქმით, „სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან", მაგრამ საქართველოს მიმართ ამგვარი მოთხოვნის წაყენება "არის მიუღებელი და შოკისმომგვრელი“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG