სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ორშაბათს, უკრაინა და რუსეთი, ორ კვირაზე მეტის განმავლობაში პირველად, პირისპირ სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ემზადებოდნენ. იმ დროს, როდესაც ბრძოლის ველზე წარმატება მის სასარგებლოდ გადაიხარა, კიევი აცხადებს, რომ ტერიტორიის დათმობაზე არ წავა.
უკრაინის ოფიციალური პირები მოლაპარაკებებზე დიდ გარღვევას არ ელიან. თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ვლადიმირ პუტინთან კვირას საუბრის შემდეგ, ეს შეხვედრა სტამბოლში დაიგეგმა.
თუმცა, თვითონ ის ფაქტი, რომ 10 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრების ღვარძლიანი შეხვედრის შემდეგ პირისპირ შეხვედრა პირველად ხდება, იმის ნიშანია, რომ რუსეთის შეჭრის წინსვლის ჩავარდნის შემდეგ, კულისებს მიღმა გარკვეული გადართვები ხდება.
ომით მოცულ ტერიტორიაზე, ალყაშემორტყმული ქალაქების სამოქალაქო მოსახლეობისთვის სულის მოთქმის ნიშნები არ ჩანს. განსაკუთრებით, განადგურებულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რომლის მერმაც თქვა, რომ ქალაქში ჯერ კიდევ 160 ათასი ადამიანია მომწყვდეული და რუსეთი მათი ევაკუაციის მცდელობებს ბლოკავს.
კრემლმა თავის მხრივ თქვა, რომ მისთვის განგაშის გამომწვევი იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარი, რომელმაც შაბათს წარმოთქმული სიტყვის დროს თქვა, რომ პუტინი ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს.
რუსეთმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ მათი დელეგაციები თურქეთში ორშაბათს ჩავლენ, მოლაპარაკებების დაწყება კი სამშაბათისთვის არის დაგეგმილი.