რუსეთი უკრაინას “პრივოკაციაში” სდებს ბრალს. მთავარმა გამომძიებელმა საქმის შესწავლის ბრძანება გასცა. კიევმა, რუსი სამხედროები ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვაში დაადანაშაულა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ უკრაინამ ბუჩაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ “განზრახ ცრუ ინფორმაცია” გაავრცელა. საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამოძიების დაწყების ბრძანება სწორედ ამის საფუძველზე გასცა.
ქალაქი ბუჩა კიევიდან 37 კილომეტრში მედბარეობს. ქალაქის მერი ამბობს, რომ ერთთვიანი ოკუპაციის დროს რუსმა სამხედროებმა 300 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. იმ დროისთვის, როდესაც ქალაქში უკრაინელი ჯარისკაცები შევიდნენ, ქალაქის ქუჩებში კვლავ ეყარა ქალაქის მცხოვრებთა გვამები.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწემ კვირას განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა იპოვეს გაუპატიურებული და დამწვარი ქალების ცხედრები, ასევე ადგილობრივი ოფიციალური პირების და ბავშვების გვამები. "მოკლულ ადამიანთა გვამებზე წამების ნიშნებია" - უთხრა ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინულ ტელევიზიას.
რუსეთი დღემდე უარყოფს, რომ სამოქალაქო პირებს ესხმის თავს. მოსკოვი ამბობს, რომ რუსულ არმიას არ ჩაუდენია ომის დანაშაული უკრაინაში. მეტიც, სრულმასშტაბიან ომს, რომელიც უკვე თვეზე მეტია გრძელდება, კრემლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი მედია, კვლავ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.