მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი, არაპროვოცირებული ომი წამოიწყო, ერთი წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინასა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში აქციები გაიმართა.
საეკლესიო ზარების რეკვით შეხვდა კიევი რუსული აგრესიის წლისთავს. შესრულდა უკრაინის ეროვნული ჰიმნი. კიეველები ამბობენ, რომ ერთი წლის წინ ძალიან შეშინებულები იყვნენ, თუმცა დღეს ეს შიში გადალახულია.
Your browser doesn’t support HTML5
ომის წლისთავამდე რამდენიმე საათით ადრე კიევმა გამოაქვეყნა ბოლო 12 თვის განმავლობაში უკრაინის მთავარი 10 მიღწევა ფრონტზე, ესენია:
- 2022 წლის თებერვალ-აპრილში კიევის, ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის წარმატებით დაცვა.
- რუსეთის მიერ დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ ოკუპანტებისთვის გაწეული მასობრივი წინააღმდეგობა.
- 2022 წლის მარტსა და აპრილში რუსეთის საოკუპაციო ძალების განდევნა კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქებიდან.
- 2022 წლის აპრილში რუსეთის სარაკეტო კრეისერ „მოსკვას" განადგურება.
- 2022 წლის აპრილში კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების განდევნა.
- 2022 წლის ივნისსა და აგვისტოში უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების ლოგისტიკის სისტემების განადგურება.
- 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსი ოკუპანტების განდევნა ხარკოვის ოლქიდან.
- 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსი ოკუპანტების განდევნა ხერსონის ოლქიდან.
- 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმატებული მოქმედებები.
- 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის იერიშის შეკავება.
მსვლელობა გაიმართა ლვივში. დასავლეთ უკრაინაში მდებარე ისტორიულ ქალაქში ადგილობრივებმა დაღუპულ სამხედროებს მიაგეს პატივი. ადგილზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც. შესრულდა უკრაინის ეროვნული ჰიმნი.
Your browser doesn’t support HTML5
საპროტესტო აქცია გაიმართა ნიუ-იორკში. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსეთის ომი უკრაინაში.მოგვიანებით უკრაინის დროშის ფერებში განათდა ემფაიერ სთეით ბილდინგი და სხვა შენობები.
ლონდონელები კი ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბნენ და აქცია- კონცერტი გამართეს. უკრაინული დროშებით და ბანერებით, მონაწილეებმა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი აგრესია და რუსეთის ინტერვენცია გააპროტესტეს.
მანამდე აქციის მონაწილეებმა, ლონდონში რუსეთის საელჩოს წინ ასფალტი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს.
Your browser doesn’t support HTML5
აქცია გაიმართა საფრანგეთშიც, ფრანგები და უკრაინელები პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიკრიბნენ. აქციის შემდეგ ეიფელის კოშკი უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომიდან ერთი წლის თავზე, ბრიუსელში ევროკავშირის ცენტრალური შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა. ამ დროის განმავლობაში ევროკავშირმა პირობა დადო, რომ უკრაინას 67 მილიარდ ევროს გამოუყოფს. თანხის ნაწილი განკუთვნილია უკრაინის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, ასევე ამ თანხით ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებასაც უწევს. ბოლო ერთ წელში ევროკავშირმა უკრაინიდან 4 მილიონი ლტოლვილი მიიღო.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის საბჭომ.
"არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება შეიჭრას მეზობელ ქვეყანაში ან დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს აგრესია არღვევს გაეროს წესდებას, გაეროს პრინციპებს და საკაცობრიო ღირებულებებს.
ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა ვიყოთ პასიურები ასეთი დანაშაულების წინაშე. რუსეთი სისტემატურად უტევდა მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებდა ქალაქებს და თავს ესხმოდა უკრაინულ იდენტობას. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ომის ყველა დამნაშავე და რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით უკრაინის წინააღმდეგ სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები,"- წერია დოკუმენტში.
აქცია გაიმართა გერმანიაშიც. ბერლინელთა ნაწილმა უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული ომი გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა გაშალეს ბანერიც, რომელზეც ეწერა: "არა პუტინს, არა ნატოს". აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ფული ომებში არ უნდა იხარჯებოდეს.
უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს პარლამენტის შენობა პორტუგალიაშიც. უკრაინის დროშის ფერებში განათდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაც.
უკრაინაში, რუსეთის არაპროვოცირებული ომიდან ერთი წლის თავზე, მოსკოვში „სამშობლოს დამცველის“ დღე აღნიშნეს. ზეიმი 23 თებერვლის ღამით ფოიერვერკებით დასრულდა.
რუსეთმა არაპროვოცირებული, ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში, 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. მაშინ განცხადება კრემლში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკეთა და თქვა, რომ იწყებდა „სამხედრო ოპერაციას“ უკრაინაში. განცხადებიდან მალევე უკრაინული ქალაქები, მათ შორის დედაქალაქი კიევი დაიბომბა. უკრაინის ტერიტორია კი დამატებით ათიათასობით რუსმა სამხედრომ გადაკვეთა.