ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის კიევში მოულოდნელი გამგზავრება საიდუმლო იყო, მაგრამ არა რუსეთისთვის


პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში ძალიან ჩვეულებრივი და მშვიდი უქმეები ჰქონდა. შაბათს, თავის მეუღლესთან ერთად ვაშინგტონის ერთ-ერთ რესტორანში ისადილა.

თუმცა ამის მიღმა, თეთრ სახლში და სხვა სააგენტოებში, ოფიციალური პირები ინტენსიურად გეგმავდნენ ბაიდენის გამოუცხადებელ გამგზავრებას კიევში, რათა რუსეთის შეჭრის ერთ წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინისადმი სოლიდარობა გამოეხატა.

თეთრი სახლის თანახმად, ვიზიტი თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და ბაიდენმა გამგზავრება პარასკევს გადაწყვიტა.

თეთრი სახლის ოფიციალური პირების ცნობით, კვირას, დილის 4:15-ზე, ბაიდენი ვაშინგტონთან მდებარე ენდრიუსის ბაზაზე მივიდა და სულ რამდენიმე თანაშემწესთან ერთად, საჰაერო ძალების თვითმფრინავით ვაშინგტონი დატოვა. მას მედიის უაღრესად შემცირებული შემადგენლობა ახლდა თან. ჟურნალისტთა ჩვეულებრივი გაერთიანებული ჯგუფის ნაცვლად, თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ ერთი ფოტოგრაფი და ერთი ჟურნალისტი იყო.

პრეზიდენტი გერმანიაში აშშ-ის ავიაბაზა რამშტეინში ჩაფრინდა, თვითმფრინავს საწვავი დაუმატეს და ის პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ჟეშუვში დაეშვა. შემდეგ იყო ავტომანქანით ერთსაათიანი მგზავრობა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე ქალაქ პშემიშლამდე.

ბაიდენი ქალაქ პშემიშლში მატარებელში ავიდა და კიევამდე 10 საათის განმავლობაში იმგზავრა. ამ ეტაპზე უკვე კვირა ღამე იდგა და ბაიდენის მატარებელი სიბნელეში, ბორტზე უსაფრთხოების დიდი ძალების თანხლებით მოძრაობდა.

მატარებელი კიევის სამგზავრო სადგურში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 8:00 გაჩერდა. ბაქნის გარშემო ტერიტორია გაათავისუფლეს და უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი, ბაიდენს და მის თანმხლებ პირებს ელოდებოდა.

„კარგია კიევში დაბრუნება,“ თქვა ბაიდენმა, მატარებლიდან ჩამოსვლის შემდეგ.

ჯეკ სალივანმა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, რომელიც პრეზიდენტს ახლდა, თქვა რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა რუსეთის ოფიციალურ პირებს შეატყობინეს რომ შეიძლებოდა ბაიდენი კიევში გამგზავრებულიყო.

„ჩვენ ეს კონფლიქტის აცილების მიზნით, მის გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე გავაკეთეთ,“ უთხრა სალივანმა ჟურნალისტებს, თუმცა დამატებითი დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა.

სალივანმა თქვა, რომ მგზავრობას „სჭირდებოდა უსაფრთხოების, ოპერატიული და ლოგისტიკური ძალისხმევა აშშ-ის მთავრობის პროფესიონალებისგან, რათა ეს თავისთავად სარისკო საქმე შეესრულებინათ და რისკი მართვად დონემდე დაეყვანათ.“

კიევის მოსახლეობა რუსული რაკეტების და დრონების მუდმივი საფრთხის ქვეშაა.

ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი პშემიშლში მატარებლით დაბრუნდა და შემდეგ ვარშავაში წავიდა.

XS
SM
MD
LG