ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის შესახებ, რუსეთს ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა - თეთრი სახლი


პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი კიევში მოულოდნელი იყო. ამერიკის პირველი პირის ვიზიტის შესახებ არავინ ყოფილა გაფრთხილებული. თუმცა, ამერიკის უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი, ამბობს, რომ რუსეთი წინასწარ იყო ინფორმირებული აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის შესახებ.

"ამ ტიპის კავშირების მგრძნობიარე ბუნების გამო, არ შევალ იმ საკითხებში, მათ როგორ გვიპასუხეს, ან ჩვენი გზავნილი ზუსტად რა იყო, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ შეტყობინება გავაგზავნეთ" - თქვა სალივანმა.

სააგენტო "ასოშიეთიდ პრესის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტ ბაიდენის ესკორტმა, თეთრი სახლი, ვაშინგტონის დროით, გამთენიის 3 საათსა და 30 წუთზე დატოვა და 20 საათის შემდეგ, უკვე კიევში გამოჩნდა, ქვეყნის პირველ პირთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად.

ბაიდენი კიევში 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და უკრაინისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილას პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მივიდა.

ბაიდენმა უკრაინას ამერიკის დახმარება აღუთქვა მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. 4 დღეში ზუსტად წელიწადი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთი ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე კიდევ ერთხელ დაესხა თავს მეზობელ უკრაინას და იქ სრულმასშტაბიანი, სასტიკი ომი დაიწყო.

"როცა პუტინი [უკრაინას] თითქმის ერთი წლის წინ თავს დაესხა, ეგონა უკრაინა სუსტი იყო, დასავლეთი კი - დაყოფილი. ფიქრობდა, რომ გვაჯობებდა, მაგრამ ის ძლიერ შეცდა", - თქვა ბაიდენმა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, "უკრაინას წარმოუდგენლად დიდი საფასურის გადახდა დასჭირდა. უდიდესია მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო... ვიცით, რომ წინ, მომდევნო კვირებში და წლებში, რთული დღეები იქნება".

XS
SM
MD
LG