ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს შვედეთისა და ფინეთის ნატოში სწრაფ გაწევრიანებას იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რომლებიც მათ გადადგეს - ჩრდილოევროპული ქვეყნების ალიანსში წევრობის საკითხზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თურქეთში ვიზიტისას ისაუბრა. ენტონი ბლინკენის თურქმა კოლეგამ კი უფრო მეტი "კონკრეტული ნაბიჯების" საჭიროებას გაუსვა ხაზი.
შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანება გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ გადაწყვიტეს. თუმცა, ანკარა შვედეთს თურქეთის მიერ ტერორისტულად მიჩნეული ჯგუფების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მფარველობაში ადანაშაულებს და წევრობის მოთხოვნის რატიფიცირებას კონკრეტული მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებს. თურქეთი მიანიშნებს, რომ არაა ფინეთის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგი, მაგრამ სტოკჰოლმს კვლავ მოთხოვნებს უყენებს.
"ფინეთმა და შვედეთმა უკვე გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები იმ პირობების შესასრულებლად, რა ვალდებულებაც სამმხრივი მემორანდუმის ხელმოწერისას აიღეს", - თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ ვაშინგტონი ამ ორი ქვეყნის ალიანსში "რაც შეიძლება სწრაფ" გაწევრიანებას უჭერს მხარს.
თუმცა, თურქეთის პირველმა დიპლომატმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ ყველა მხარემ ალიანსში უნდა დაარწმუნოს შვედეთი, რომ მეტი ნაბიჯი გადადგას ანკარის წუხილებზე საპასუხოდ და მოიპოვოს თურქეთის მხარდაჭერა. ალიანსში გაწევრიანებას ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ დრომდე ფინეთ-შვედეთის წევრობის თაობაზე გადაწყვეტილების რატიფიცირება თურქეთს და უნგრეთს არ მოუხდენიათ.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა ალიანსი ორი ახალი წევრის მიღებას ივლისში, ლიეტუვაში დაგეგმილი სამიტისთვის, ჩავუშოღლუმ ღქვა, რომ სტოკჰოლმს კვლავ ბევრი აქვს გასაკეთებელი ანკარის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
"შვედეთმა შეცვალა კანონმდებლობა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა სახის ქმედება, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსება, რეკრუტირება და პროპაგანდა შვედეთში კვლავ გრძელდება", - განაცხადა მინისტრმა. "თუკი ისინი გადადგამენ ნაბიჯებს, რომლებიც დაარწმუნებს ჩვენს ხალხსა და პარლამენტს, მაშინ ამ მიმართულებით შესაძლოა იყოს განვითარება", - დასძინა მან.