ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი და მოსკოვი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ამერიკამ რუსეთს საიდუმლო სამშვიდობო გეგმა შესთავზა


მოსკოვი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი მოსკოვს საიდუმლო სამშვიდობო შეთანხმებით სტუმრობდა, რომელიც რუსეთისთვის, უკრაინის ტერიტორიის მეხუთედის დათმობას გულისხმობდა.

კითხვაზე პასუხად, იმყოფებოდა თუ არა ბერნსი მოსკოვში ან წამოაყენა თუ არა გეგმა, რომელიც უკრაინის ტერიტორიის 20%-ის დათმობას ითვალისწინებდა, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა: ”მთელი ეს ცნობები სიცრუეა”.

შვეიცარიული გაზეთის, „Neue Zürcher Zeitung“-ის პუბლიკაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ თითქოს ბერნსი გასულ თვეში, თეთრი სახლის სახელით რუსეთში ფარულად გაემგზავრა, ასევე უარყო ვაშინგტონმა.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება შვეიცარიულ გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ში (NZZ) გამოქვეყნებული ცნობა, თითქოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელ უილიამ ბერნსს რუსეთისთვის, ომის შეწყვეტის სანაცვლოდ, უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი შეეთავაზებინოს. ამის შესახებ Newsweek-ს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის მოადგილემ შონ დევიტმა განუცხადა.

შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung, ორ გერმანელ პოლიტიკოსზე დაყრდნობით, ადრე იუწყებოდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CIA-ს ხელმძღვანელს, უილიამ ბერნსს, იანვარში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და უკრაინის მზადყოფნის შეფასება დაავალა. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამ მიზნით ბერნსი საიდუმლოდ ეწვია კიევსა და მოსკოვს, სადაც მან უკრაინას შესთავაზა "მშვიდობა მიწის სანაცვლოდ", ხოლო რუსეთს - „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“. გაზეთის ცნობით, „მიწაში“ იგულისხმება დონბასის ტერიტორია, რაც უკრაინის 20%-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG