ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინას სურს, რომ მარცვლეულის ექსპორტის ერთწლიან შეთანხმებას ახალი პორტიც დაემატოს


ამ კვირაში უკრაინა თურქეთსა და გაეროს მიმართავს, რათა რუსეთთან დადებულ მარცვლეულის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ითხოვოს. უკრაინას სურს, რომ გასულ წელს დადებული შეთანხმება გაგრძელდეს, თუმცა, მასში მიკოლაივის პორტის დამატებაც სურთ. ინფორმაცია ამის შესახებ იური ვასკოვმა, უკრაინის აღდგენის მიმართულებით მომუშავე სამინისტროს მაღალჩინოსანმა გაავრცელა.

"შეთანხმების გაგრძელების შესახებ ჩვენი მხრიდან ფორმალური შეთავაზება მიმდინარე კვირას მოხდება",- თქვა მინისტრის მოადგილე ვასკოვმა.

უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, მოლაპარაკებების ზუსტი თარიღი უცნობია. ბოლო შეხვედრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ თურქეთში, სწორედ თურქეთისა და გაეროს ჩართულობით გაიმართა.

"მოვითხოვთ, რომ [ეს შეთანხმება] არა 120 დღით, არამედ მინიმუმ ერთი წლით მაინც გაგრძელდეს, რადგან უკრაინულ და მსოფლიო ბაზარს სჭირდება, რომ ექსპორტის ეს მოცულობა გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს გათვლილი",- უთხრა ინტერვიუს დროს ვასკოვმა, სააგენტო "როიტერს".

უკრაინელები აპირებენ, რომ გემების შემმოწმებელი ჯგუფების რაოდენობის გაზრდაც მოითხოვონ, ვინაიდან ამ პროცესს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და მარცვლეულის ექსპორტს აფერხებს.

უკრაინამ რუსეთს არაერთხელ დასდო ბრალი გემების შემოწმების დროს დროის გაწელვაში, რასაც რუსეთი უარყოფს.

"შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" განხორციელება გასული წლის ივლისში უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს მონაწილებით გამართული მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი. ის საშუალებას აძლევს უკრაინას საომარ პირობებში მარცვლეულის ექსპორტი გააგრძელოს. შეთანხმება ნოემბერში კიდევ ერთხელ განახლდა და მისი მოქმედების ვადა წელს, 18 მარტს იწურება.

XS
SM
MD
LG