ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი აუქმებს ბრძანებას, რომლითაც დნესტრისპირეთზე მოლდოვის სუვერენიტეტს აღიარებდა


პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს გააუქმა 2012 წლის ბრძანება, რომელიც ნაწილობრივ ცნობდა მოლდოვის სუვერენიტეტს, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის მომავლის გადაწყვეტაში. სეპარატისტული დნესტრისპირეთი უკრაინას ესაზღვრება და რუსეთს იქ ჯარები ჰყავს განთავსებული.

დადგენილება, რომელიც მოლდოვის კომპონენტს მოიცავდა, ასახავდა რუსეთის საგარეო პოლიტიკას 11 წლის წინ, რომელიც ითვალისწინებდა მოსკოვის მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. 2012 წლის ბრძანების გაუქმების შესახებ განცხადება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "რუსეთის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე ღრმა ცვლილებების გათვალისწინებით“.

ალექსანდრუ ფლენჩეა, დნესტრისპირეთის უსაფრთხოების ზონის, ერთობლივი საკონტროლო კომისიის მოლდოველი თავმჯდომარე ამბობს, რომ გაუქმება არ ნიშნავს, რომ პუტინი უარს ამბობს მოლდოვის სუვერენიტეტის ცნებაზე.

„განკარგულება არის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციას“, - განუცხადა ფლენჩეამ Publika-TV-ს. „მოლდოვასა და რუსეთს აქვთ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემას“.

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის ურთიერთობები მოლდოვასთან დაძაბულია. გასულ კვირას კიშინიოვმა ახალი პროდასავლურად განწყობილი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცა, რომელმაც პირობა დადო, რომ გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. კრემლმა მოლდოვის მთავრობა ანტირუსული დღის წესრიგის განხორციელებაში დაადანაშაულა. სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ დასავლეთი მოლდოვას "მომდევნო უკრაინად" მოიაზრებს.

რუმინეთსა და უკრაინას შორის მოქცეული მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და მას 2020 წლიდან პრეზიდენტი მაია სანდუ უდგას სათავეში, რომელსაც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას სამშაბათს პოლონეთში შეხვდა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

2012 წლის ბრძანებით რუსეთი აცხადებს, რომ იღებს ვალდებულებას ეძებოს გზები სეპარატისტული საკითხის გადასაჭრელად „დნესტრისპირეთის სპეციალური სტატუსის განსაზღვრისას, მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნეიტრალური სტატუსის პატივისცემაზე დაყრდნობით“.

დნესტრისპირეთის კონფლიქტში, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულს დაიწყო, მოსკოვი მხარს სამხედრო ძალითა და დიპლომატიურად სეპარატისტებს უჭერს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG