ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს ელოდება


მოსკოვში ჩინეთის პირველი დიპლომატის ვიზიტი გრძელდება, პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა კრემლში ჩინეთის პრეზიდენტი ჩავიდეს.

ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გაავრცელა. მისი თქმით, შეთანხმება მოხდა, რომ რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება.

„ჩვენ ველოდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტს რუსეთში, ჩვენ ამაზე შევთანხმდით“, - თქვა პუტინმა.

აქვე ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო პარტნიორობა ღრმავდება და მომდევნო წელს ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება. პუტინი ამბობს, რომ მალე ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა წელიწადში 200 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 185 მილიარდი დოლარი იყო.

„ყველაფერი პროგრესირებს, ვითარდება“,- თქვა პუტინმა ჩინეთის პირველ დიპლომატ ვანგ ისთან შეხვედრისას. თავად ჩინელმა დიპლომატმა კი განმარტა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები არ არის მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ, თუმცა ასევე, ეს ურთიერთობები „არ დაექვემდებარებოდა მესამე მხარის ზეწოლას“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის ამერიკის შეერთებული შტატები არ უხსენებია, თუმცა ანალიტიკური წრეების წარომადგენლების ნაწილი ფიქრობს, რომ ის სწორედ ვაშინგტონს გულისხმობდა.

ანალიტიკოსების მოსაზრებებს ამყარებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებიც, სადაც ისინი მოუწოდებენ პეკინს არ გაუწიოს რუსეთს დახმარება, რომლსაც კრემლი უკრაინაში ბრძოლის დროს გამოიყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი პეკინის წინააღმდეგ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. სავარაუდოდ, ეს იქნება ახალი სანქციები, რომლის შემოღებასაც მხარს ამერიკელი კანონმდებლები უჭერენ, როგორც დემოკრატები, ასევე - რესპუბლიკელები.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩინეთის ჯაშუშური აეროსტატია, რომელმაც ამერიკის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის გამოც საფრენი აპარატი ამერიკულმა ბომბდამშენმა ჩამოაგდო. აპარატის შესწავლა ამ დრომდე გრძელდება.

პუტინთან შეხვედრამდე ვანგი ასევე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. დიპლომატებმა თქვეს, რომ მოუთმენლად ელოდებიან ქვეყნებს შორის ახალ შეთანხმებას ვაჭრობის მიმართულებით, თუმცა მედიისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

დღეს ჩინეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, რაც რუსეთის სახელმწიფო ხაზინის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი მთავარი წყაროა, ამბობენ ანალიტიკოსები. ისინი განმარტავენ, რომ ეს ვითარება ჩინეთისთვისაც მომგებიანია, რადგან დღეს რუსეთი უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩინეთზე, ვიდრე - ოდესმე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG