ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი „ახალ სტარტში“ მონაწილეობას აჩერებს და ბირთვულ მუქარას აგრძელებს


ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვს ბირთვული გამოცდების განახლება შეუძლია. სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა, დასავლეთს ბირთვული გაფრთხილება მისცა და შეაჩერა ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ “ახალი სტარტის” ხელშეკრულება.

პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი თავის საომარ მიზნებს მიაღწევს, დასავლეთს კი რუსეთის განადგურების მცდელობაში ადანაშუალებს. რუსეთის პრეზიდენტმა განცხადებები დღეს, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა.

„დასავლეთის ელიტები არ მალავენ თავიანთ მიზანს. მაგრამ, მათთვის ასევე შეუძლებელია ვერ გააცნობიერონ, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია,“ - განაცხადა პუტინმა რუსულ სამხედრო და პოლიტიკურ ელიტასთან შეხვედრისას.

ამავე შეხვედრაზე, პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი „ახალი სტარტის“ შეთანხმებაში მონაწილეობას აჩერებს. ამასთან შეერთებულ შტატებს დასდო ბრალი, თითქოს ვაშინგტონი გლობალურ კონფლიქტს ქმნის.

„ახალი სტარტი“ მოსკოვსა და ვაშიგტონს შორის დადებული ხელშეკრულებაა, რომელსაც ხელი 2010 წელს აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და რუსეთის ასევე იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მოაწერეს. მოგვიანებით პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვთან მოლაპარაკებების შემდეგ, ის გააგრძელა. ხელშეკრულება ზღუდავს განლაგებული სტრატეგიული ბირთვული ქობინების რაოდენობას. „ახალ სტარტს“ ვადა 2026 წელს ეწურებოდა.

„დღეს იძულებული ვარ გამოვაცხადო, რომ რუსეთის აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში“ - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა, მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ ვაშინგტონში ზოგიერთი ბირთვული გამოცდის განახლებაზე ფიქრობს. ამიტომ, მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ბირთვული კორპორაცია მზად უნდა იყოს რუსული ბირთვული იარაღის გამოსაცდელად.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ პირველები, მაგრამ თუ შეერთებული შტატები ჩაატარებს გამოცდებს, ამას ჩვენც გავაკეთებთ. არავის უნდა ჰქონდეს საშიში ილუზია, რომ გლობალური სტრატეგიული პარიტეტი შეიძლება განადგურდეს", - თქვა პუტინმა.

„ერთი კვირის წინ ხელი მოვაწერე განკარგულებას ახალი სახმელეთო სტრატეგიული სისტემების საბრძოლო მორიგეობაზე დაყენების შესახებ. ისინი რა, აქაც აპირებენ ცხვირის ჩაყოფას?“ - თქვა პუტინმა.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, ცივი ომის დროიდან დარჩენილი ბირთვული იარაღის დიდი არსენალი აქვთ და უმსხვილეს ბირთვულ სახელმწიფოებად რჩებიან. მათ შორის, ამ ორ ქვეყანაზე მოდის მსოფლიოს ბირთვული ქობინების 90%.

XS
SM
MD
LG